LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინასთან ვიყავი სტუმრად და სუფრაზე ამაზე ვიკამათეთ“ – რა ისტორიას იხსენებს გია ხუხაშვილი

247
ბიძინა ივანიშვილი -გია ხუხაშვილი

ბიძინას მთავარი კოზირი არის ის, რომ ოპოზიცია ცხოვრობს ცალკე ცხოვრებით და პროტესტი ცალკე ცხოვრებით. ოპოზიციამ წინა ხაზზე უნდა იპოვოს გზები, – ასე აფასებს ექსპერტი, გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე 64-დღიან პროტესტს და მასში ოპოზიციის როლს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, პროტესტს სჭირდება ლიდერი.

მისივე შეფასებით, ოპოზიციამ უნდა იპოვოს სამოქალაქო პროტესტამდე მისასვლელი გზები და დადგნენ „ფრონტის წინა ხაზზე“.

„კარგია ერთობა და ა.შ. მაგრამ პროტესტს სჭირდება ლიდერი. ეს ლიდერი უნდა იყოს პოლიტიკა. პროტესტი არ იღებს ამ ლიდერებს და ამ ლიდერებმა უნდა იპოვონ მასთან მისასვლელი გზები და ოპოზიცია წინა ხაზზე უნდა ვიხილოთ. მაგისტრალების გადაკეტვა რომ არის დაგეგმილი, სად იქნებიან პოლიტიკოსები? – პოლიტიკოსები უნდა იყვნენ წინა ხაზზე, რადგან ეს არის გარკვეული გამწვავება და დადგნენ წინა ხაზზე თუ დაიჭერენ ისინი დაიჭირონ. გამოვიდნენ, დაგვანახონ თავი.

აკეთებენ რაღაცებს, მაგრამ თუ მათ ვერ მოახერხეს ამ საპროტესტო მოძრაობის ლიდერად კონვერტირება, მაშინ ეს არის ბიძინას კოზირი. ბავშვებიც ცოდოები არიან, მათ რომ თავ-ყბას ალეწავენ, ხოლო პოლიტიკოსები სანთლით საძებარი გვიხდებიან და მხოლოდ სატელევიზიო კომენტარებში რომ ვხედავთ, დამთავრდეს ეს ყველაფერი.

საზოგადოებას სჭირდება ისინი იხილონ ფრონტის წინა ხაზზე. მათ უნდა ჩაიცვან რკინის ქალამნები, აბჯრები, ფარები დაიჭირონ ხელში და წინა ხაზზე უნდა დადგნენ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ხუხაშვილმა 4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნაზე და პარლამენტის დღის წესრიგში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი დანაშაულების შეახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ისაუბრა.

ექსპერტის შეფასებით, „წინა ხელისუფლების დანაშაულებზე, ვინც დასაჭერი დარჩათ, ყველა ხელისუფლებასთან არის ჩახუტებული“.

„თუ თავის წარმომადგენლებს დაიჭერენ არ ვიცი. იგივე „ხარებას“, რომელიც მერაბიშვილის დროს იგივე საქმით იყო დაკავებული, ან მურუსიძეს თუ დაიჭერენ, რომელმაც გირგვლიანის საქმეში აქტიური მონაწილეობა მიიღო, სხვა ვისი საქმე უნდა გამოიძიოს ამ კომისიამ? ყველა ფიგურანტი უკვე მისჯილი აქვს ან გაქცეულია, ან უკვე ციხეში ნაჯდომია. აქედან გამომდინარე ეს არის იმის მტკიცება, რომ – „კი, მე ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩემზე წინ ჩემზე უარესი იყო. დღეის მდგომარეობით ვერ ვიტყვი, რომ ის (ნაციონალური მოძრაობა) ამაზე (ქართული ოცნება) უარესი იყო. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადააჭარბა „ნაციონალური მოძრაობის“ სისასტიკეს ძალიან ბევრი მიმართულებით“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ხუხაშვილმა გაიხსენა ბიძინა ივანიშვილთან საუბარი, სადაც როგორც ექსპერტი აცხადებს 2012 წელს შესთავაზა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის საკითხი.

მისივე თქმით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს არ აწყობდა შერიგება.

„როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ერთ-ერთი ბოლო კამათი უკავშირდებოდა ამ თემას. ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი, რადგან ჩვენ კოჰაბიტაციაზე ვსაუბრობთ, კოჰაბიტაციას გარკვეული პოლიტიკური ვერდიქტი სჭირდება, რომლის საფუძველზე შეგვიძლია გამოვაცხადოთ ამნისტია. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ პოლიტიკური ვერდიქტი ანუ რეჟიმი უნდა გავასამართლოთ პოლიტიკურად და ამ ვერდიქტის საფუძველზე გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია, გარდა მძიმე დანაშაულებისა.

2012 წელსვე დავაყენე ეს საკითხი. ბიძინასთან ვიყავი სტუმრად და სუფრაზე ამაზე ვიკამათეთ. მან მითხრა, რომ ის, რასაც შენ ახლა ამბობ, მიშას აწყობსო.

დღევანდელი გადმოსახედიდან ბიძინა ივანიშვილს არ აწყობდა რეალური შერიგება, პირიქით მისი პოლიტიკა აგებულია დაპირისპირებაზე და სხვის დემონიზაციაზე. მას საზოგადოების გაერთიანება არაფერში სჭირდებოდა, ამიტომ გვითხრა მაშინ უარი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g