LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიზნესს, რომელიც რუსეთის საშიშ ბაზარზე მუშაობს, არ უნდა დაეხმარო – უნდა დაეხმარო მას, ვისაც ევროპის ბაზარზე გააქვს პროდუქცია“ – რამდენად ვართ რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებული / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

25
რუსული ფუილი 2

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ რუსეთის ეკონომიკის საქართველოზე გავლენა შეისწავლა.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.6-ჯერ მეტია.

ეს მაჩვენებელი „კოვიდ” პანდემიის დაწყებამდე, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 64%-ით აჭარბებს. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 12.6% იყო, როცა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 6.3%-ს, ხოლო მაქსიმუმს – 10.4%-ს 2019 წელს აღწევდა.

ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. ეს ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული ვკითხულობთ კვლევაში.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ბესო ნამჩავაძე – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი საუბრობს.

 

 

– ბესო, რა ფაქტორებმა განაპირობა, რომ რუსეთის ღია აგრესიის ფონზე უკრაინის მიმართ, როცა ყველა ვარაუდობდა, რომ ქვეყნების ეკონომიკების დამოკიდებულება შემცირდებოდა, საქართველოში კი ეს პირიქით გაიზარდა..

– საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება გაზრდილია, ვიდრე იყო ეს წინა წლებში. ასეთი მაღალი დამოკიდებულება რუსეთზე არ ყოფილა ბოლო 16 წელია. გაზრდილია ვაჭრობა, რუსეთში ექსპორტი და იმპორტი და ექსპორტი 16 %-ით არის გაზრდილი, მაგრამ ლოგისტიკა გართულებულია.

მსუბუქი ავტომობილების ჩამოყვანა რუსეთიდან ძალიან გაიზარდა. საქართველოში ხდება ჩამოყვანა, ავტომობილების შეკეთება და შემდეგ გატანა სოფლის მეურნეობის პროდუქციის. ბოლო 9 თვეში მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული პროდუქცია შემოვიდა.

ყველაზე მეტად გაზრდილია ბენზინისა და დიზელის შემოტანა. საავტომობილო დიზელი სამჯერ უფრო მეტი შემოვიტანეთ წელს, ვიდრე შარშან.

ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილები, მილიარდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც პირდაპირ დაკავშირებულია რუსულ ემიგრაციასთან.

ტურიზმის წილი გაზრდილია და ამაში რუსული ემიგრანტების როლი დიდია. ამას მოჰყვა ფულადი გზავნილების ზრდა. რუსები ისევ რუსებს უგზავნიან თანხას. ეს ხალხი საქართველოში ხარჯავს ფულს ქართულ ეკონომიკაში, მაგრამ ეს არაა ქართველების მიერ მიღებული შემოსავალი.

ასევე გაზრდილია საქართველოში რუსული კომპანიების რეგისტრაცია, 9 თვეში 10 ათასამდე კომპანია დაარეგისტრირეს. ეს ნიშნავს, რომ აქ უნდათ ხანგრძლივად იცხოვრონ და ბიზნესი აკეთონ. შესაბამისად საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა გაზრდილია.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება გაზრდილია. ამისთვის ცალკე ეკონომიკური კუთხით რომ შეგვეხედა, ეს რომ არ იყოს ჩვენთვის აგრესორი ქვეყანა, ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა, მაგრამ დღეს ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის საკმაო რისკების შემცველია.

– ყველა თანხმდება, რომ ეს ეფექტი მაინც არის ერთჯერადი მიგრაციით გამოწვეული, თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალ წლებშიც არაა გამორიცხული, რომ დამატებითი პრობლემები შეექმნას რუსეთის ეკონომიკას, რაც ასევე შეიძლება გახდეს ჩვენთვის გამოწვევა და ასევე ის, რომ იგივე შემოდინება, თუნდაც ფულის, ვეღარ იქნება.

სამწუხაროდ ვხედავთ სურათს, როდესაც მთავრობა ძალიან კმაყოფილია ამ ეფექტით და იმით, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა გამორჩეულია  სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული.

რამდენად რისკიანი შეიძლება იყოს  ეს გადაწყვეტილებები უკვე მომავალ წლებშიც. გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის გამოწვევა, რადგან თუ ჩვენ რუსეთს ხელში ვაძლევთ ეკონომიკურ ბერკეტებს,  ის ამას აუცილებლად პოლიტიკურად გამოიყენებს.

– ერთჯერადი ბუმი იყო, რაც აისახა კიდეც უძრავი ქონების ბაზარზე. შემოვიდა ასობით მილიონი დოლარი, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. მთავრობამ რაც არ უნდა თქვას, ერთია, მაგრამ მათ დოკუმენტებში რომ ჩავიხედოთ, ვნახავთ, რომ გაისად თვითონ ისინიც კი პროგნოზირებენ 5 %-იან ზრდას, რომლის მიღწევაც რთული იქნება.

ამასთან  რუსეთი კრიზისშია და უფრო მეტ კრიზისში იქნება. ბევრი რამ ეს ომის ბედზეა დამოკიდებული და მისი ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია. ფულის შემოდინებაც შემცირდება.

ეროვნულ უსაფრთხოებას რაც შეეხება, ამას რუსეთი ბერკეტად იყენებს. სხვა ქვეყნების მაგალითს რომ არ შევხედოთ, მარტო საქართველოს გამოცდილებაც მოწმობს,  როდესაც რაღაც არ მოეწონება, გვეტყვის რომ ჩაგვიკეტავს საზღვარს და საკმაოდ დიდ შემოსავალს დავკარგავთ.

საბედნიეროდ ენერგეტიკულად არ ვართ დამოკიდებული რუსეთზე, მაგრამ რადგან ზოგადად ამ ქვეყანაზე დამოკიდებულება იზრდება, უფრო გავლენიანი ბერკეტი ხვდება მის ხელში და თან არ დაგვავიწყდეს, რომ მას საქართველოში ჰყავს დასაყრდენი, პრორუსული ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ რუსები არა, ვერ გადავრჩებით და ეკონომიკურად ვერ განვვითარდებით. ეს რა თქმა უნდა, ტყუილია.

მიუხედავად ამ გაზრდილი ურთიერთობებისა, ამ დონეზე დამოკიდებული ჯერჯერობით არ ვართ რუსეთზე. ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ბევრ სხვა ქვეყანაზეც ვართ დამოკიდებული, მაგრამ წინასწარ უნდა დავიჭიროთ თადარიგი და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება კი არ უნდა იზრდებოდეს, უნდა მცირდებოდეს.

ამის რეკომენდაციებიც გვაქვს. ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტი, განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის დივერსიფიცირებით შესაძლებელია შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ამერიკასთან და სხვა ქვეყნებთანაც უნდა დავაჩქაროთ. სახელმწიფომ კი დახმარების პროგრამები, არ უნდა მისცეს იმ ბიზნესს, ვინც რუსეთის ბაზარზე მუშაობს.

ბიზნესს, რომელიც რუსეთის საშიშ ბაზარზე მუშაობს, არ უნდა დაეხმარო, უნდა დაეხმარო მას, ვისაც ევროპის ბაზარზე გააქვს პროდუქცია.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი კონტროლი გავუწიოთ საქართველოში რუსული ბიზნესის რეგისტრაციას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეს, რომ 10 ათასობით პირის უკან სანქცირებული პირებიც არიან.

– საკმაოდ რისკიანია ეს გადაწყვეტილებები ჩვენი მხრიდან.  სანქციები ხომ საბოლოო ჯამში იმიტომ არის, რომ რუსეთის მოსახლეობაც უნდა შეწუხდეს, რომ ასეთი ხელისუფლება ჰყავს და ასეთ ნაბიჯს დგამს, უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლება, რომელიც მათი არჩეულია ასეთ საქციელს ჩადის და ჩვენ ვაძლევთ ამ საქციებისთვის ირიბად თავის არიდების საშუალებას.

ამან ხომ შეიძლება ჩვენს ეკონომიკას პრობლემები შეუქმნას?

– რა თქმა უნდა და რომ განვიხილოთ, მორალური მომენტიცაა. ირიბად მაინც გამოდის, რომ ჩვენ მათ დავეხმარეთ. ჩვენ თუ ვსარგებლობთ ეკონომიკური სიტუაციით, რუსებიც სარგებლობენ.

ტურიზმისა და საქართველოში გზავნილების გაზრდა, ზრდის რისკებს, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სანქციებისთვის ზრდის ასავლელად.

სრული ნებაც რომ ჰქონდეს, ჩვენს მთავრობას, რომ ეს არანაირად არ დაუშვას, რთულია, რომ ეს რამენაირად მაინც არ მოხდეს.

რაც უფრო დიდია ეკონომიკური აქტიურობა, იზრდება რისკიც, რომ ეს კონტრაბანდულად თუ შეფარვით არ მოხდეს, რაც ქვეყნისთვის ძალიან დიდი შარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები