გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილში წერია.
პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი სიღარიბის მაჩვენებლებზეც საუბრობს და ამბობს, რომ დღეს სიღარიბე ობიექტური რეალობაა, თუმცა ის არ ეთანხმება იმ აზრს, რომ სიღარიბე „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია.
,,კარგად მესმის, რომ წარმატებების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება. ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისათვის, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია. არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ – დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა“, – ამბობს ივანიშვილი.
