ბონდის ახალ ფილმში ოქროს საჭის მქონე „შავი ალიგატორი“ გამოჩნდება. ლატვიური კომპანია Dartz-ის ახალი მოდელის მფლობელი არა „აგენტი 007“, არამედ მთავარი ბოროტმოქმედი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია პორტალმა CarBuzz-მა გაავრცელა და თან სიახლის პირველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ბრენდი ჰოლივუდთან ხშირად თანამშრომლობს და საინტერესო ავტომობილები არაერთი კინოლენტისთვის შეუქმნია. გამონაკლისი არც ბონდიანას 25-ე ფილმი გახდა. ახალი მოდელი Mercedes- AMG GLS 63-ის ბაზაზეა აწყობილი და მას 5,5 ლიტრიანი V8 ძრავი აქვს. ავტომობილს 585 ცხენის ძალის განვთარება შეუძლია, თუმცა მოდიფიკაციის შედეგად მისი სიმძლავრე 1600 ცხენის ძალამდეც იზრდება. აღსანიშნავია, რომ სიახლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ინტერიერია. ავტომობილი ნიანგის ტყავითაა გაფორმებული და მისი საჭე ოქროსგანაა დამზადებული. საფირმო ლოგოტიპი კი 292 ბრილიანტის ქვისგანაა შექმნილი. ბონდიანას ახალ ფილმს საზოგადოება 2019 წლის 8 ნოემბერს იხილავს და „შავი ალიგატორის“ პრემიერაც სწორედ მაშინ შედგება.