„გლოვოს” კურიერებს პრობლემები აქვთ. კომპანიის თანამშრომლებს ბონუსების სისტემა მოუხსნეს.
“ნუ დაგვაკლებენ შემოსავალს” – ამ ლოზუნგით „გლოვოს“ კურიერებმა სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქცია გამართეს.
„ბონუსები, რასაც გამოვიმუშავებდით და რის გამოც აზრი ჰქონდა მუშაობას, მთლიანად მოგვიხსნეს. გვითხრეს, იყავით მონებიო”.- ამბობს ერთ-ერთი კურიერი.
“ობიექტამდე მისვლის თანხას აღარ გადაგიხდითო, ბონუსები აღარ იქნებაო. ბიჭები ამით მუშაობდნენ ძირითადად. არ ვითხოვთ პრემიების ჩარიცხვას. უბრალოდ, შრომა დააფასონ, ნუ დაგვაკლებენ შემოსავალს”. – თქვა სხვამ.
აქციის პარალელურად კურიერების ნაწილი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. კომპანიამ მოთხოვნებზე სამსჯელოდ 2-კვირიანი ვადა მოითხოვა.
თუმცა, როგორც კურიერებმა თქვეს, კომპანიას აღარ ენდობიან და აცხადებენ,რომ მათი მხრიდან არანაირი კომპრომისი არ იქნება.
„გლოვოს” თანამშრომლები აცხადებენ, რომ მუშაობას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ბონუსების სისტემა აღდგება.