LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ბედია: „რესტორანში ყოველდღიურად ვერ ვიმუშავებ, ეს ემოციურად და სულიერად მღლის…“

333
ბორის ბედია

ბორის ბედია მიიჩნევს, რომ პანდემიის შემდეგ შოუბიზნესი ჯერაც ვერ ამუშავდა. თავად რესტორანში მხოლოდ მაშინ გამოდის, თუკი კერძო შეკვეთა აქვს. ახალი ალბომის გამოცემა სურს, სადაც კლასიკური ქართული სიმღერების ახალი ვერსიები შევა, თუმცა ამისთვის, მისი თქმით, საკმაოდ კარგი დაფინანსებაა საჭირო, თუმცა მსმენელს ახალ სიმღერებს სექტემბრიდან მაინც ჰპირდება.

ბორის, ბევრი შენი კოლეგა ფიქრობს, რომ შოუბიზნესი ცოტა გააქტიურდა, შენ რას იტყვი?

დავიწყოთ იქიდან, რომ შოუბიზნესს გამოსწორება არ ეტყობა. არანაირი კონცერტები არ არის. არაფერი ხდება. პანდემიამდეც იდგა ეს პრობლემა, მაგრამ პანდემიის დროს და შემდეგ უფრო გაუარესდა. მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ ახლო მომავალში იქნება გასტროლები, კონცერტები.

შენ გექნება შემოქმედებითი სიახლეები?

უფრო მეტად ძველ მელოდიებს ვაკეთებ ახლებურად, ვაჟა აზარაშვილის, რეზო ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის კლასიკურ სიმღერებს, რაც კარგი აქვს, იმას არ ვუკარგავ, არანჟირებას ვინც აკეთებს, პროფესიონალია. არის ხოლმე ცუდი ვერსიები, რომლებიც მაინცდამაინც არ მომწონს, ბევრი კარგი ვერსიაც კეთდება. რაც კარგია, მისაბაძია და შენც კარგი უნდა გააკეთო. მე გია ბაღაშვილთან „ჩვენს შოუშიც“ ვარ და იქაც კეთდება ძველის ახალი ვარიანტები. სიამაყით ვიტყვი, როცა  ბლექ სი არენაზე „ყვავის“ არია შევასრულე, მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, ხალხის ძალიან დიდი სიყვარული მივიღე.

ახალ სიმღერებს როდის შემოგვთავაზებ?

ახალი არანჟირებები ფინანსებს უკავშირდება. კარგ ქართულ სიმღერებს ვარჩევ, რომლებსაც ნელ-ნელა ვაკეთებ. ალბათ, უფრო სექტემბრისთვის იქნება პრეზენტაციები.

ბორის, ხალხი სიყვარულს პირადად თუ გამოხატავს შენ მიმართ? ადრე თითქოს მომღერლები უფრო განებივრებულები იყავით ამ მხრივ…

იმდენს აქვს თავისი პრობლემები, ფეხით რომ ვმოძრაობ, ხალხი შეწუხებული სახეებით დადის. ძალიან ცუდი ცხოვრებაა, სამწუხაროდ, თუმცა ამის მიუხედავად, არიან ადამიანები, რომლებიც დიდი სიყვარულით და პატივისცემით ხვდებიან. მეკითხებიან, რატომ არ ჩანხარ ხშირად ტელევიზიითო, თუმცა როცა გამოვდივარ ტელევიზიით, ისეთ სიმღერებს ვასრულებ, ეფექტს ვახდენ.

რა მიზეზია, რომ ტელევიზიით ხშირად არ გამოდიხარ?

დღეს ყველაფერი პოლიტიკაა, ვინც ვის აქებს, იმას ეძახიან. მე კი ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ. არავის ვაქებ და „პადხალიმობა“ ჩემში არ ზის. ვიღაცას რომ ძალიან არ ვაქებ, ამიტომაც არ მეძახიან ალბათ ხშირად. არ მესმის, ამ მიზეზით რატომ უნდა დაბლოკო ნიჭიერი ადამიანი. მეორე მხრივ, ვინც მეძახის, დიდი მადლობა ყველას. მგონია, რომ არავის ვარცხვენ.

იმას არ ვამბობ, რომ ყოველდღე ტელევიზორში უნდა ვიყო გამოჭიმული და ხალხს თვალებში მაზოლები ამოვიყვანო, მაგრამ ჩართეთ ტელევიზორი. სულ ერთი და იგივე სახეებია…

ბორის, ახლა შენი შემოსავლის წყარო რა არის, როგორც მომღერლის? რესტორანში მღერი ხოლმე?

არიან მომღერლები, რომლებიც რესტორანში მუდმივად მღერიან და მათი შემოსავლის წყარო ეს არის. რესტორანში ივენთებზე გამოვდივარ, კორპორატიულ საღამოებსა და ქორწილებში და რეპერტუარს წინასწარ ვადგენ. მე ქართულ, ინგლისურ თუ იტალიურ კლასიკას ვასრულებ, ტომ ჯონსის, სინატრას და სხვათა რეპერტუარიდან, რაც გემოვნებიანია, იმას ვმღერი, მსოფლიო კლასიკას. რომ ადამიანი დათვრება, იმას ცოტა სხვანაირი სიმღერები უნდა, თუნდაც „ბასანოჩკები“, ასეთ სიმღერებს არ ვმღერი და არც ვიმღერებ.

როცა რესტორანში მუშაობდი, უთხოვიათ მაგალითად ფანოღის შესრულება?

ადრე რომ ვმუშაობდი, ისეთები უთხოვიათ, „ბასანოჩკები“ იმასთან შედარებით კლასიკაა. ეს რომ აუტანელი გახდა, რესტორნიდან წამოვედი. არ ვამბობ, რომ რესტორანში არ გამოვდივარ, მეგობრების წრეში ვმღერი ხოლმე ან ივენთებზე. ყოველდღიურად რესტორანში ვერ ვიმღერებ, ეს ემოციურად და სულიერად მღლის. მირჩევნია, ჩემი დრო სხვა რამეში გამოვიყენო. მაგალითად, ვვარჯიშობ ხოლმე კუს ტბაზე. ცოტა წონაში მოვიმატე და სხვათა შორის, ზუსტად დღეს დავიწყე ვარჯიში. კარგად ვგრძნობ თავს. უნდა გავხდე, 10-15 კილო უნდა დავიკლო. დაკლება არ მიჭირს ხოლმე, მაგრამ მერე შენარჩუნება რთულია. ისეთი სამეგობრო მყავს, სულ საქეიფოდ მეპატიჟებიან (იღიმის).

სასმელიც გიყვარს?

სუფრასთან რომ დაჯდები, სასმელიც გიყვარს, აბა, ფხიზელი ხომ არ უყურებ სხვებს?!. გურმანიც ვარ. მოგეხსენებათ, ქართული სუფრა როგორი ნაყროვანია. მსუყე კერძები გვიყვარს ქართველებს, მაგრამ ახლა დიეტაც დავიწყე, ექვსი საათის შემდეგ აღარ ვჭამ. ერთხელ ძალიან მონდომებული ვიყავი,  18 კილო დავიკელი და ძალიან მომიხდა, მაგრამ მერე გასტროლებზე ისევ მოვიმატე, ხან ჰოლანდიაში ვიყავი, ხან უკრაინაში და ნელ-ნელა წონა ისევ ავკრიფე.

დიეტა და ვარჯიში ინტერესის ახალ ობიექტს ხომ არ უკავშირდება?

არავის არ უკავშირდება. პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემაა. ტელევიზიაში რომ გამოდიხარ, გლამურულად უნდა ჩანდე. მეორე მხრივ, მომავალში რომ დამინახავს მეორე ნახევარი, ხომ მოვეწონები, უფრო სიმპათიური თუ ვიქნები (იცინის).

შენი მეორე ნახევარი როგორი უნდა იყოს, ჩამოყალიბებული ხარ უკვე?

რა თქმა უნდა, ჩამოყალიბებული ვარ. ბედია ყველაფერი – ზოგს უფრო ადრე მოჰყავს ცოლი, ზოგი ეძებს. მე უნდა ვეძებო და შევხვდებით ერთმანეთს. შეიძლება, ჩემ გვერდშიც არის, ვიცნობ და მერე გავაცნობიერებ, რომ ის ჩემი მეორე ნახევარია. ყველაფერი ხდება… სიცოცხლით სავსე ადამიანი უნდა იყოს, სიმღერა ესმოდეს, თავადაც თუ იმღერებს, უკეთესია, ჩემი პარტნიორი და თანამებრძოლი, მეგობარი უნდა იყოს და მეც ვიქნები, რა თქმა უნდა, მისი მეგობარი.

შენს დას, სოფოს უნდა მოაწონოს თავი?

მთავარია, მე მომეწონოს და რატომ არ მოეწონება? ჩემი დის ბედნიერება ჩემი ბედნიერებაა. არასდროს ჩავრეულვარ მის არჩევანში, როგორი ადამიანი მოსწონს, მისი საქმეა. მისი არჩევანი მისასალმებელია და რა თქმა უნდა, მისგანაც იმავეს ველოდები…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები