ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან.
რაზმში 26 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. გაფართოებულ შემადგენლობაში 28 ლეგიონერია, 15 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. გაფართოებულ რაზმში არ არიან, თუმცა მსოფლიო თასისთვის მზადების პერიოდში გუნდთან ერთად მოემზადებიან პერსპექტიული მოთამაშეები – მეორე ხაზელი ლაშა ჯაიანი და 9 ნომერი მიხეილ ალანია.
დაგეგმარება და მზადება შეკრებისთვის
ამ ეტაპზე სამწვრთნელო შტაბი შეკრებისთვის მომსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი, რათა შეკრებას გუნდი საუკეთესო ფორმაში და მზად შეხვდეს.
აღსანიშნავია, რომ ქართულ კლუბებში მოთამაშე მორაგბეები, ნაკრების ბირთვის ადგილობრივი ჯგუფი პერიოდულად იკრიბებოდა შევარდენზე და გეგმიურ ვარჯიშებს გადიოდა, ხოლო, ლეგიონერებს ამ ეტაპზე სავალდებულო დასვენების პერიოდი აქვთ.
„დღეს გაგაცნობთ იმ გაფართოებულ შემადგენლობას, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება. ეს სახეები ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ვესაუბრე სამწვრთნელო შტაბს და ტრავმის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, დანაკლისი არ გვაქვს. გუნდში ერთსულოვნებაა, რაც წინაპირობა უნდა გახდეს იმ წარმატებისა, რასაც იაპონიაში ველოდებით“ – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.
„დავასახელეთ გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მოემზადება. ჯგუფში არიან ისეთი მორაგბეებიც, რომლებიც კლუბში მიღებული ტრავმების შემდეგ ახლაც რეაბილიტაციას გადიან, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ შეკრების პირველი ნაწილისთვის ისინი მზად იქნებიან. შემადგენლობაში გვყავს გამოცდილი მორაგბეები, რომელთაც დავამატეთ ორი ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშე. ისინი გუნდთან ერთად ივარჯიშებენ და გვაქვს იმედი, რომ მომავალში ნაკრების წარმატებაში დიდ როლს ითამაშებენ“ – თქვა მილტონ ჰეიგმა.
გენერალური რეპეტიცია მსოფლიო თასამდე
მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე, ბორჯღალოსნები სამ საკონტროლო თამაშს გამართავენ, აქედან ორი თბილისში შედგება და დროის ზუსტად იმ შუალედით, როგორიც მსოფლიო თასზე იქნება.
თიბისი რაგბის სერიების ეგიდით, 27 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ რუსეთის, ხოლო 31 აგვისტოს „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს ვეთამაშებით, რომელიც პირველი თიერ 1 ნაკრებია, ვინც საქართველოში ჩამოდის. მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი შეხვედრა 6 სექტემბერს სტუმრად, შოტლანდიასთან „მარიფილდზე“ გვექნება.
რაც შეეხება მსოფლიო თასს, იქ „დ“ ჯგუფში ვითამაშებთ და 23 სექტემბერს ტოიოტაში უელსს შევხვდებით; 29-ში კუმაგაიაში ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს ფიჯის ოსაკაში ვერკინებით; ხოლო ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს შიზუოკაში, ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ.
მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან:
შერკინება | ფორვარდები
მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, გრიგორ ქერდიყოშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, საბა შუბითიძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა ბიწაძე, ბექა გორგაძე.
ხაზი | ბექები
ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი.