გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე, პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ბორჯომის ტყე აღდგება.
ხაჩიძის თქმით, თუ მართლა სურთ ტყის აღდგენა და ეს ხალხის სენტიმენტებზე თამაში არ არის, მაშინ ტერიტორია აუცილებლად უნდა შემოიღობოს.
ნიადაგის აღდგენას კი ამ ადგილზე წლები დასჭირდება.
“იქ სადაც დღესაც ხანძარია, ნაყოფიერი ნიადაგის (ჰუმუსის) ფენა ძალზედ თხელია.
ხანძრის შედეგად ეს ფენა ნადგურდება და მის აღდგენას ბუნებრივ პირობებში წლები სჭირდება.
შესაბამისად ასეთ ნიადაგზე რამის დარგვა და მის გახარებაზე ზრუნვა გადაყრილი დრო და ენერგიაა.
თუ მართლა გვინდა, ამ გადამწვარი ტყის შეძლებისდაგვარად სწრაფი აღდგენა და არა უბრალოდ ადამიანების სენტიმენტებზე თამაში, მაშინ აღნიშნული ტერიტორია უნდა შემოიღობოს და მაქსიმალურად შეიზღუდოს მოძრაობა, ტრანსპორტის, ადამიანების, პირუტყვის…
ასეთ რელიეფზე დამწვარი ხეების გამოტანა და ნახანძრალის დასუფთავებაც კი არ შეიძლება.
ასეთ დროს ბევრი მოძრაობა კიდევ უფრო აზიანებს ისედაც გამომწვარ ნიადაგს და ფიზიკურად შეიძლება ჩამოირეცხოს/ჩამომეწყერდეს.
ასე რომ, თუ ბორჯომში დამწვარი ტყის აღდგენა გვინდა, უნდა შემოვღობოთ და ვაცადოთ, ნიადაგ-წარმოქმნის პროცესი დაიწყოს, თავი აღიდგინოს, სიცოცხლე დაიბრუნოს…
ამის შემდეგ, უკვე შესაძლებელი გახდება, ნერგების ფრთხილად შეტანაც.
სხვა დანარჩენი, საკუთარი თავის, ან სხვის მოტყუებაა.
ტყუილი და პოპულიზმი კი, მაგ კონკრეტულმა ადგილმა საკმაოდ ნახა, წინა ხანძრიდან დღემდე.
ეს რეკომენდაციები ბევრჯერ მაქვს მოსმენილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან და პირადადაც დარწმუნებული ვარ ამ გზის სისწორეში”, – წერს გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.