LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდებული სალონში ტრანსგენდერების მოკვლის მიზნით მივიდა – პროკურატურა ტაილანდელი მოქალაქის მკვლელობის საქმეზე

74
პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე შეუწყნარებლობის მოტივი გამოიკვეთა.

უწყების განცხადებით, დაკავებული ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონში გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ტრანსგენდერების მოკვლის მიზნით მივიდა, სადაც ერთ-ერთ ტრანსგენდერ თანამშრომელს თავს დაესხა და სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა.

„ბრალდებულმა ასევე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ჭრილობები მიაყენა სალონში მყოფ სხვა ტრანსგენდერ თანამშრომელს. დაწესებულებაში მყოფი პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ბრალდებულმა ვერ შეძლო მასაჟის სალონში დასაქმებული თანამშრომლების მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 1 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე 23 წლის ბიჭი დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები