LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი 2-6 თეთრით გაიაფდა

28

თებერვალში საწვავის ფასი შემცირდა – ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, გასულ თვეს ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ძირითადად მცირდებოდა. კერძოდ, თვის განმავლობაში ის შემცირდა საშუალოდ 3,3 დოლარით/ბარელზე. დღეისათვის ნავთობის ფასი შეადგენს 65.54 დოლარს/ბარელზე.

”ნავთობის ფასის კლება თებერვალში განპირობებულია ძირითადად აშშ-ში ნავთობის მოპოვების ზრდით. კერძოდ, მიმდინარე ეტაპზე ფიქსირდება 800 ერთეულამდე მოქმედი სანავთობო ჭაბურღილი, რაც ბოლო 3 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, თებერვლში მნიშვნელოვნად გაიზარდა აშშ-ში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგები. თუმცა ნავთობის მიმდინარე ფასზე უპირობოდ კვლავ გავლენას ახდენს ასევე ოპეკი +“-ის წევრთა მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების გაგრძელება და მისი პირობების მკაცრად შესრულება. კერძოდ, როგორც ცნობილია 2016 წლის ბოლოს ოპეკის წევრმა და რამოდენიმე არაწევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის ყოველდღიური მოპოვების კვოტების 1,8 მლნ ბარელით შემცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება დაიდო 2017 წლის პირველი 6 თვის ვადით, რომელიც შემდგომში გადავადებულ იქნა. 30 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე მოხდა ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების კიდევ ერთხელ – 9 თვით გაგრძელება, 2018 წლის ბოლომდე.

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, თებერვლაში ის ნავთობის ფასის კლების კვალდაკვალ მცირდება. კერძოდ, ბენზინის საერთაშორისო ფასი თებერვლის თვეში შემცირებულია დაახლოებით 47$-ით/ტონაზე, ხოლო დიზელის საერთაშორისო ფასი შემცირებულია დაახლოებით 39$-ით/ტონაზე.

აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. თებერვალში ლარი მცირედით გამყარდა. კერძოდ, თებერვლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,4962 ერთეულს და თვის ბოლოს მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,4795 ერთეულს. რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, თებერვლის თვეში მოხდა საწვავის ფასის კლება ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 2-6 თეთრით ლიტრზე.

კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,13-2,28 ლარი/ლიტრაზე (კლება 4-6 თეთრით/ლიტრაზე), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,27-2,40 ლარი/ლიტრაზე (კლება 2 თეთრით/ლიტრაზე), სუპერი ტიპის ბენზინი – 2,37-2,52 ლარი/ლიტრაზე (კლება 2 თეთრით/ლიტრაზე), ევრო დიზელის საწვავი – 2,25-2,40 ლარი/ლიტრაზე (კლება 3-4 თეთრით/ლიტრაზე)”, – ნათქვამია  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები