წითურმა გოგონამ გარეთ ბეილს და დელე ალის დრიბლინგში აჯობა, ოღონდ ეს ინგლისური ტელეკომპანიის BT Sport-ის სარეკლამო რგოლში მოხდა.
ტელეკომპანიათა ქსელმა ახალი სეზონის დაწყება ორიგინალური ვიდეორგოლით დააანონსა, რომლის მთავარი გმირიც პატარა გოგონა შარლოტაა.
სიუჟეტის მიხედვით შარლოტა, რომელსაც სკოლაში აგვიანდება, გზად შეხვედრილ კონსერვის ქილას ფეხბურთის ბურთად წარმოიდგენს და ლამაზი დრიბლინგით ჯობნის შორტებიან კაცს, რომელსაც ”რეალის” ფორვარდად, გარეთ ბეილად წარმოიდგენს. გზად შეხვედრილი სხვა უცნობები დელე ალი და ჯესი ლინგარდი ”არიან”.
აღნიშნულ საანონსო რგოლში ფეხბურთელების გარდა ისეთი ცნობილი სპორტსმენები მონაწილეობენ, როგორებიც არიან მორაგბე სემ უორბიორტონი, ჩოგბურთელი იოანა კონტა, მოკრივე ბილი ჯო სანდერსი და UFC-ის მებრძოლი დარენ ტილი.
შარლოტას ”თამაშის” კომენტატორები რიო ფერდინანდი და ფრენკ ლამპარდი იყვნენ.
BT სპორტი ფლობს ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას 2021 წლამდე. გარდა ამისა, კომპანია წელიწადში პრემიერლიგის 42 მატჩს აჩვენებს.