„ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვისაუბრეთ სანქციებთან დაკავშირებით და ბრიტანეთი ნამდვილად აპირებს მსჯელობას და მუშაობას იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკას, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და იმ პოლიტიკას, რომელიც არის ევროკავშირის მხრიდან, ისინიც განიხილავენ და შეუერთდნენ ამ საკითხებს“ – აღნიშნული განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, უმაღლესი რანგის შეხვედრები ჰქონდა ბრიტანეთში საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ კამერონთან და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.
ვაშაძე აცხადებს, რომ უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები თვალყურს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ პროტესტში მონაწილე ადამიანებს:
„უმაღლესი რანგის შეხვედრები მქონდა ბრიტანეთში საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბატონ დევიდ კამერონთან და ასევე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.
პირველი, რომ ნამდვილად უპრეცედენტოა, როცა ოპოზიციის ლიდერებს ხვდება ამ რანგის წარმომადგენელი ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან და ეს მკაფიოდ მიუთითებს იმ პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას, რომელიც არის ბრიტანეთში, ნორვეგიასა თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში.
მეორე, რომ სწორედ საზოგადოების მასობრივმა პროტესტმა, იმ უპრეცედენტო რაოდენობის პროტესტმა, საქართველო დააბრუნა ტოპ დღის წესრიგში დასავლურ ქვეყნებში და მთელი მსოფლიოს მედია, ბრიტანული, ამერიკული მედია ყველა საუბრობს საქართველოში მიმდინარე საკითხებზე, შესაბამისად უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები თვალყურს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ პროტესტში მონაწილე ადამიანებს, იმ ქართველ პატრიოტებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის და საქართველოს საბოლოო დერუსიფიკაციისთვის, რომელიც ჩვენი ამოცანაა.
მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვისაუბრეთ სანქციებთან დაკავშირებით და ბრიტანეთი ნამდვილად აპირებს მსჯელობას და მუშაობას იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკას, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და იმ პოლიტიკას, რომელიც არის ევროკავშირის მხრიდან, ისინიც განიხილავენ და შეუერთდნენ ამ საკითხებს.
რატომ? იმიტომ, რომ მათთვის ძალიან მკაფიოა ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც გამოიხატა პროტესტებით და აქციებით და მეორე მხრივ ძალიან მკაფიოა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად ცივი ომი გამოუცხადა დასავლელ პარტნიორებს და საქართველოში ევროპულ ინტეგრაციას.
შესაბამისად, ახლა ჩვენთვის N1 ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად ერთიანი ძალებით მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც არის უახლესი ისტორიის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი დღე. დღე, როდესაც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ცივილიზაციური არჩევანი, სად დგას საქართველო, ვართ ევროკავშირის წევრი, თუ ვართ აი ამ ჭაობში, საითაც მიგვათრევს „ქართული ოცნება“, ეს ღალატის და უსამშობლოთა პარტია, გაერთიანება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილს ასრულებს“ – აღნიშნა ვაშაძემ.
ვაშაძის განცხადებით განმარტა, რომ „დასავლელი პარტნიორები, რა თქმა უნდა ძალიან ბევრ დამკვირვებელს გამოაგზავნიან არჩევნებზე, იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს „ქართული ოცნების“ უკანონო ქმედება არჩევნებზე“.
ვაშაძის განცხადებითვე, კამერონთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. მისივე თქმით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის პირობებით:
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ევროპული ენერგიის კონსოლიდაციით, როგორც იყო ეს აქციების პირობებში, გამარჯვება ძალიან ახლოსაა და გარანტიას გაძლევთ, რომ სრული მხარდაჭერა ექნება ჩვენს გამარჯვებას დასავლელი პარტნიორების მხრიდან და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, მთლიანად ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რა თქმა უნდა ძალიან ბევრ დამკვირვებელს გამოაგზავნიან არჩევნებზე, იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს „ქართული ოცნების“, ამ ღალატის პარტიის უკანონო ქმედება არჩევნებზე.
მერწმუნეთ, რომ ჩვენც მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე ძალიან სერიოზულად ვემზადებით და უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას, იმისათვის, რომ გამარჯვება რომელიც ასე სწყურია ქართველ ხალხს, ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვოთ.
და ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ კამერონთან შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, მან მოიკითხა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაინტერესდა სააკაშვილის პატიმრობის პირობებით, რომელიც მიუთითებს ბრიტანეთის მხარდამჭერ პოზიციაზე და რომელიც აქვს ცივილიზებულ სამყაროს სააკაშვილთან მიმართებაში. დადგება დღე, როდესაც აბსოლუტურად ყველა ქართველი განთავისუფლდება რუსული რეჟიმისგან და ძალიან სწრაფ განვითარებას დავიწყებთ.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ის დიდი ინვესტიციები, 14 მილიარდამდე პაკეტი, რომელიც სხვადასხვა ფონდშია, ევროპულ, ამერიკულ, ბრიტანულ ფონდებში ელის იმას, რომ ცვლილებები მოვიდეს საქართველოში, დემოკრატიულმა ძალებმა შევატრიალოთ საქართველოს განვითარება ევროპული მიმართულებით და ყველა ეს თანხა მივიღოთ იმისთვის, რომ საქართველომ ძალიან მძლავრი ეკონომიკური განვითარება განახორციელოს“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.