მეურვეობის დასრულებიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ, ბრიტნი სპირსი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსვლას აღარ გეგმავს.
მომღერალმა ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტით, შვილის მუსიკალური ნიჭი შეაქო და მასთან ერთად სცენაზე დგომის იმედიც გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი პერფორმანსი აშშ-ში არ შედგება. სამაგიეროდ, მან შესაძლოა ძალიან მალე დიდ ბრიტანეთსა თუ ავსტრალიაში იმღეროს.
,,წელს ამ პიანინოს ჩემ შვილს ვუგზავნი!!!” – დაწერა მან 2002 წლის American Music Awards-ზე გადაღებული ფოტოს აღწერაში.
,,საინტერესოა, რომ ,,ინსტაგრამზე” იმისთვის ვცეკვავ, რათა ჩემ სხეულში ისეთი რაღაცები განვკურნო, რაზეც ხალხს წარმოდგენაც არ აქვს. ჰო, ხანდახან ეს უხერხულიცაა… მაგრამ მე ცეცხლი გამოვიარე, რათა საკუთარი სიცოცხლე გადამერჩინა… ძალიან სენსიტიური მიზეზების გამო აშშ-ში აღარასდროს გამოვალ, მაგრამ იმედი მაქვს, სკამზე ვიჯდები თმაში წითელი ვარდით და ჩემს შვილთან ერთად ვიმღერებ… დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში ძალიან მალე. ის ნამდვილი ვარსკვლავია და ჩემთვის დიდი პატივია მის გვერდით ყოფნა!!! წარმატებები, პატარა კაცო!!!” – დასძინა საკულტო არტისტმა.
აღსანიშნავია, რომ შემსრულებელს ადრეც ჰქონდა გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც მისი ვაჟი, ჯეიდენი, პიანინოზე უკრავს.
შეგახსენებთ, რომ მას და მის ყოფილ ქმარს, კევინ ფედერლაინს ორი საერთო შვილი – ჯეიდენი და შონი ჰყავთ.
მიუხედავად იმისა, რომ სპირსს ამერიკულ სცენაზე უახლოეს მომავალში ვერ ვიხილავთ, გულშემატკივრები პოპის პრინცესას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს ელიან. გავრცელებული ინფორმაციით, ჯონ ემ. ჩუს ფილმი ბრიტნის 2023 წლის მემუარებს – ,,ქალი ჩემში” (The Woman in Me) დაეფუძნება. პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა რეჟისორმა აღნიშნა, რომ სპირსი მასში აქტიურად იქნება ჩართული.