LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდაპეშტის ქუჩა, როგორც შავი ხვრელი – კანდელაკი ცალმხრივი დარჩება?!

44

პეკინის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, რამდენიმე ქუჩა სატესტო რეჟიმში გაცალმხრივდა. მათ შორის, ცალმხრივი გახდა კანდელაკის ქუჩა, რამაც მის პარალელურ ბუდაპეშტის ქუჩაზე პიკის საათებში დაუსრულებელი საცობები გააჩინა.

როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული ქუჩა სატესტო რეჟიმშია გაცალმხრივებული და მასზე მერიის მონიტორინგის სამსახურები დაკვირვებას აწარმოებენ.

უახლოეს მომავალში გადაწყდება სატესტო ქუჩებიდან რომელი დარჩება ცალმხრივი და ამის შემდეგ აღნიშული ქუჩები შესაბამისად დაიხაზება, ასევე, დაიდგება საგზაო ნიშნები.

“დაკვირვებას დიდი დრო არ დასჭირდება. ზაფხულის პერიოდი და შემოდგომის პერიოდი განსხვავდება ერთმანეთისგან, სწორედ ამიტომ გავახანგრძლივეთ მცირედით დაკვირვება, რადგან სატრანსპორტო ნაკადმა მოიმატა”, – განაცხადა სატრანსპორტო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა “ფორტუნასთან”.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები სატესტო რეჟიმით უკმაყოფილოები არიან და ამბობენ, რომ მოძრაობის ასეთ რეჟიმში დატოვება დიდი შეცდომა იქნება.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც გაგვიშვან ორმხრივად კანდელაკის ქუჩაზე. ბუდაპეშტზე ისედაც სულ საცობები იყო და ახლა, ამდენი ნაკადის აქ გადმორთვით სულ გაიჭედა. როგორც პეკინზე გააკეთეს ავტობუსების ზოლი, ისე მაინც გააკეთონ. ამ რეჟიმში მოძრაობა ძალიან საშინელებაა”, – განაცხადა ავტობუსის მძღოლმა “ფორტუნასთან”.

უკმაყოფილოები არიან ავტომობილის მფლობელებიც და ფიქრობენ, რომ დაკვირვების შედეგად, მერია კანდელაკს კვლავ ორმრივი მოძრაობის ქუჩად დააბრუნებს, რადგან ამ რეჟიმში ეს ქუჩა საკმაოდ გამტარუნარიანი იყო და მის ხარჯზე, ბუდაპეშტის და ფანჯიკიძის ქუჩა, ასევე ამ ქუჩებიდან პეკინისკენ და გაგარინის მოედნისკენ გასასვლელები ნაკლებად დატვირთული იყო.

“გაგარინის მოედნიდან ვაჟა ფშაველას გამზირისკენ რომ მივდივართ, ამ მონაკვეთზე საშინელება ხდება. შუქნიშნები, უამრავი მანქანა, პარკირების ადგილები და ერთ პატარა სამკუთხედში მოქცეული ნაკადი დაახლოებით თითო ავტომობილს 15–20 წუთით აფერხებს. საშინელება ხდება. ჯობია რომ კანდელაკი ისევ ორმხრივი იყოს”, – განაცხადა “ფორტუნასთან” მძღოლმა, რომელიც ამ მარშრუტს ყოველდ დღე გადის და მისთვის ალტერნატიული გზა არ არსებობს.

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში არ აკონკრეტებენ, ზუსტად როდის გადაწყდება ეს საკითხები და როდიდან დაიხაზება ქუჩები შესაბამისად. მძღოლები იმედოვნებენ, რომ მერია მათი თვალით შეხედავს ისედაც გადაჭედილ ქალაქში, დამატებით შექმნილ საცობებს.

თამთა უთურგაშვილი

ფოტომონტაჟი: ფარნა იორდანიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები