მწერალი ლაშა ბუღაძე საქართველოში გამართულ 2 ოქტომბრის არჩევნების კომენტირებისას ამბობს, რომ ოლიგარქის რეჟიმის დამარცხებაში ოპოზიცია ახალ ველოსიპედს ვერ გამოიგონებს.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მწერალმა „ტვ პირველის“ ეთერში შეაფასა.
„ძალიან ოპტიმისტურები ვერ ვიქნებით, ეს რთული რეჟიმია საქართველოსათვის, იმიტომ რომ 30 წელია მივიღეთ იმგვარი ტიპის პოლიტიკური რეალობა, რომელიც სცდება პოლიტიკურ რეალობას და გადადის ისტორიის სიბრტყეში.
პარტიული აკვიატებები არ გვაქვს, ჩვენი შიში განპირობებულია იმით, რომ საქართველო იცვლის ისტორიულ ვექტორს. ანუ ევროპის გეზიდან უხვევენ ჩრდილოეთის მხარეს.
მეორე ტური გულისხმობს მცდელობას, რომ დაიწყოს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის რღვევა.
ვადამდელი იქნება ეს თუ რომელიმე დიდი ქალაქების წართმევა, ეს უკვე ინდიკატორი და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იქნება.
რა არის მთავარი ამ ბრძოლაში?
ჩვენ ვერ გამოვიგონებთ ველოსიპედს. ვინ აძლევს ივანიშვილს მხარს. ეს არის ადმინისტრაციული რეჟიმი, რომელიც მოქრთამულია და რომლებიც ფიქრობენ, რომ დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს.
ძალიან მიხარია, რომ თბილისსა და ქუთაისში მოხდა გარდატეხა და მეორე ტური დაინიშნა.
ხატია დეკანოიძე არის ქალი პოლიტიკოსი და ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც ამ შემთხვევაში გადატეხა კრებითი ბიძინა ივანიშვილი.
მინდა, გარკვეული წარმატებები ვუსურვო ყველას, მაგრამ თბილისის მიმართ გარკვეული სკეფსისი მაქვს.
შეიძლება მორალური კომპლექსები ზოგიერთის მიმართ იყოს, ამიტომაც გამოვყავი ქუთაისის ამბავი – ხატია დეკანოიძე.
მე ძალიან ვუჭერ მხარს ქალ პოლიტიკოსებს და საერთოდაც მგონია, რომ ქალები რომ მართავდნენ ქვეყნებს და პოლიტიკას, ბევრად უფრო განჭვრეტადი და რაციონალური იქნებოდა სამყარო“, – ამბობს მწერალი „ტვ პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ 5 თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური დაინიშნა.