მომავალ სასწავლო წელს ბულგარეთის სკოლებში ახალი საგანი გაჩნდება – „შესავალი ხელოვნურ ინტელექტში “. მაღალ კლასელებს კი არა მხოლოდ მის ეფექტურად გამოყენებას ასწავლიან, არამედ აუხსნიან, რამდენად მნიშვნელოვანია ყურადღებიანი და რეალისტური დამოკიდებულება ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოქმნილი ინფორმაციის მიმართ. სიახლის შესახებ BTA წერს.
ამ გაკვეთილებზე მოსწავლეები შექმნიან ტექსტებს, გამოსახულებებს, აუდიო და ვიდეოკონტენტს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით.
გარდა ამისა, ისინი მოუსმენენ ლექციებს იმის შესახებ, როგორ ზემოქმედებს ხელოვნური ინტელექტი ხელოვნების შექმნაზე, რა ცვლილებებს მოიტანს ის სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის თუ მთლიანად საზოგადოებისთვის და რამდენად ღრმად არის ტექნოლოგია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოჭრილი.
ბულგარეთის განათლების სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ხელოვნური ინტელექტისგან მიღებული ინფორმაციის რეალისტური აღქმის ჩამოყალიბება და მასთან ფრთხილი დამოკიდებულება.
სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უნდა შეიმუშაონ გუნდური პროექტი, რომელიც გადაწყვეტდა საზოგადოების რომელიმე ლოკალურ ან გლობალურ პრობლემას. ახალი საგნის ავტორების ჩანაფიქრით, ასეთი პრაქტიკული სამუშაო დაეხმარება მათ გამოიმუშაონ შემოქმედებითი უნარები, გუნდური მუშაობის გამოცდილება და გააცნობიერონ ახალი ტექნოლოგიების პასუხისმგებლობით გამოყენების აუცილებლობა.