OpenAI ChatGPT-ში უფრო ფართო შინაარსის დაშვებას აპირებს, მათ შორის საუბარია ეროტიკული შინაარსის ტექსტებზეც. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი სემ ოლტმანი ამბობს, მათ სურთ „ზრდასრულ მომხმარებლებს მოზრდილებივით მოეპყრონ“.
ეს ნაბიჯი გარკვეულწილად ჰგავს ილონ მასკის კომპანია xAI-ის პოლიტიკას, რომელმაც ცოტა ხნის წინ Grok პლატფორმაზე სექსუალური კონტექსტის მქონე ჩატბოტები დაამატა. მსგავსი ინიციატივა OpenAI-ს შეიძლება, მეტი ფასიანი მომხმარებლის მოზიდვაში დაეხმაროს.
თუმცა, ამან შეიძლება გაზარდოს ზეწოლა კანონმდებლობაზე – რათა შემოიღონ უფრო მკაცრი შეზღუდვები ჩატბოტების „მეგობარი“ ვერსიებისთვის.
ოლტმანმა აღნიშნა, რომ წარსულში ChatGPT საკმაოდ მკაცრად შეზღუდეს, რათა თავიდან აეცილებინათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული რისკები.
თუმცა, ბოლო პერიოდში სიტუაცია შეიცვალა. დეკემბერში, როდესაც პლატფორმა სრულად დანერგავს ასაკის გადამოწმების სისტემას, OpenAI დადასტურებული ზრდასრულებისთვის ეროტიკულ შინაარსს დაუშვებს.
დიდ ბრიტანეთში, ონლაინ უსაფრთხოების შესახებ კანონით, ეროტიკული ტექსტები ასაკის გადამოწმებას არ საჭიროებს, თუმცა პორნოგრაფიული სურათები, მათ შორის AI-ით გენერირებულებიც, მხოლოდ 18 წლიდანაა დაშვებული.
აშშ-ში კი კრიტიკოსები აცხადებენ, რომ OpenAI-ის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გამოკვეთს რეგულაციების საჭიროებას.
„როგორ უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებმა ვერ შეძლონ ChatGPT-ის იმ ნაწილებში შესვლა, სადაც ეროტიკული შინაარსია?“ – კითხულობს ადვოკატი ჯენი კიმი, რომელიც Meta-ს წინააღმდეგ სარჩელშია ჩართული.
იგი ამტკიცებს, რომ „ტექნოლოგიური გიგანტები ადამიანებს საცდელ კურდღლებად იყენებენ“.
TechCrunch-ის ცნობით, აპრილში OpenAI-ს სისტემაში დაფიქსირდა შემთხვევა, როცა არასრულწლოვანმა მომხმარებელმა ეროტიკული ტექსტების გენერაცია შეძლო. კომპანიამ მაშინ განაცხადა, რომ პრობლემაზე უკვე მუშაობდა და შეზღუდვები მალევე ამოქმედდა.
აღსანიშნავია, რომ ოლტმანის განცხადება იმ დროს გამოჩნდა, როდესაც AI-კომპანიების სწრაფ ზრდას ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს.
ამასთან, OpenAI-ის შემოსავალი იზრდება, თუმცა კომპანია ჯერ კიდევ არ არის მომგებიანი.