ჩეხეთის ქალაქ ბრნოში მდებარე მენდელის უნივერსიტეტის მეცნიერები იკვლევენ უნიკალურ ბაქტერიებს, რომლებიც ანტარქტიდის ექსტრემალურ პირობებში არსებობენ. არ არის გამორიცხული, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი გახდეს ახალი თაობის ანტიბიოტიკების შესაქმნელად, რომლებიც უფრო ეფექტურად იმუშავებენ, ვიდრე დღევანდელი პრეპარატები. სიახლის შესახებ გამოცემა Fems წერს.
ანტარქტიდის ნიადაგი უკიდურესად ღარიბია საკვები ნივთიერებებით და გარდა ხავსებისა, იქ მხოლოდ გამძლე ბაქტერიებს შეუძლიათ არსებობა. საკვებისთვის ბრძოლაში ეს მიკროორგანიზმები ქმნიან ე.წ. ბიოაქტიურ ნივთიერებებს – ბუნებრივ ქიმიურ „იარაღს“, რომელიც კონკურენტ ბაქტერიებს ანადგურებს.
კვლევის პროცესში მეცნიერები ბაქტერიებს ჯერ ლაბორატორიულ პირობებში ზრდიან, შემდეგ კი ისეთ მოცულობას აძლევენ, რომ ცდებისთვის საჭირო ნივთიერება მიიღონ.
კვლევა მხოლოდ ახალი ანტიბიოტიკების შესაქმნელად არ ტარდება. გარდა ამისა, მეცნიერები იკვლევენ პრეპარატის ეფექტურობას სოკოების, ვირუსებისა და კიბოს უჯრედების წინააღმდეგ. თუმცა პრაქტიკულ გამოყენებამდე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დიდი დროა: კულტივირებულ მასალებს წლების განმავლობაში დატესტავენ, სანამ გაირკვევა, შეძლებენ თუ არა ისინი ახალ მედიკამენტებად გადაქცევას.