20 დეკემბერს რაგბის კავშირში არჩევნებია. მომდევნო კვირა დღეს რაგბის კავშირის საერთო კრება გაიმართება, რომელზეც უნდა აირჩიონ რაგბის კავშირის მმართველი ორგანოები – რაგბის კავშირის პრეზიდენტი და გამგეობა. ეს არის საარჩევნო კრება, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.
ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს ნაკრების დამსახურებულმა ვეტერანმა, ბორჯღალოსანთა კაპიტანმა ირაკლი აბისერიძემ საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა და სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
დღესდღეობით ქართული რაგბი წარმატებასთან ასოცირდება. ბედნიერი ვარ, რომ 16 წლის ასაკში არჩევანი, სწორედ სპორტის ამ ვაჟკაცურ და ღირსეულ სახეობაზე გავაკეთე. ამ პერიოდში ქართული რაგბი, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა ჩვენმა მორაგბეებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანაში რაგბისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილიყო. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოში ბოლო დროის ერთერთი ყველაზე წარმატებული გუნდი გახდა. ამაყი ვარ, რომ სწორედ ამ გუნდის კაპიტანი 7 წელი ვიყავი, რაც ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო. კარიერის დასრულების შემდეგ, რაგბის კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე გავაგრძელე მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში, კიდევ უფრო მკვეთრად დავინახე ამ სფეროში არსებული ძირეული პრობლემები. მაშინ როცა ქართული რაგბი მსოფლიოს ასპარეზზე ახალი გამოწვევების წინაშე დგას, ვთვლი, რომ ჩემი და ჩემი გუნდის გამოცდილება, რაც წლების მანძილზე დაგვიგროვდა, ქართული რაგბის მომავალს უნდა მოვახმაროთ.
20 დეკემბერს ქართული სარაგბო ოჯახი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს თუ ვინ უხელმძღვანელებს რაგბის კავშირს, მომდევნო 4 წლის მანძილზე. მინდა განვაცხადო, რომ ვემიჯნები საარჩევნო პროცესში ყველანაირ ჩარევას და ეს, რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზეც დავაფიქსირე. გამგეობის წევრებმა, მათ შორის მე, ოფიციალურ წერილზე ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ არჩევნები ჯანსაღ გარემოში უნდა ჩატარდეს. მაქვს იმედი, რომ საარჩევნო პროცესი რაგბის თამაშის მთავარი პრინციპების გათვალისწინებით – კეთილსინდისიერად ჩაივლის.
ირაკლი აბუსერიძე