LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ქალაქი ჩემი მეგობარია: რა გაკეთდა ორ წელიწადში

27

განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა.
2015-2016 წლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის პროგრამების განყოფილების დაფინანსებით 400-მდე ღონისძიება გაიმართა. 60 000 ბენეფიციარის მონაწილეობით. დაფინანსდა 84 სპორტული ორგანიზაცია (ფედერაციები, ასოციაციები, სპორტული კლუბები, სპორტული კავშირები).
ქალაქმა უმასპინძლა ორ მნიშვნელოვან ღონისძიებას: ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს (2015) და უეფას სუპერთასს (2015). ოლიმპიური ფესტივალის დროს თბილისში 50 ქვეყნის 3 000 სპორტსმენი და ოფიციალური პირი ჩამოვიდა. სუპერთასზე დაფიქსირდა დასწრებადობის რეკორდი (51 490). უეფას საიტის მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად, თბილისში ჩატარებული სუპერთასი 2015 წლის საუკეთესო შეხვედრად დასახელდა. კონკრეტულად ამ თამაშისთვის მოხდა „დინამო არენას“ ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
თბილისში ჩატარდა მსოფლიოს გრან-პრი ჭადრაკში, გრან-პრი ძიუდოში (ორჯერ), ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, თბილისის მერიის თასი კალათბურთში (ორჯერ), მსოფლიო თასი ფარიკაობაში, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძალოსნობაში, ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, ევროპის ჩემპიონატი კარატეში, პანკრატიონში მსოფლიოს ჩემპიონატი, ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები (ქალთა მსოფლიოს გრან-პრი, საერთაშორისო ტურნირი „ნონა 75“ და საიუბილეო საღამო) და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება.
აღნიშნული სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს რაიონული გამგეობების კულტურის, სპორტის და განათლების განყოფილებებთან. უკვე მეორე წელია, ათივე რაიონში ტარდება ტურნირები მინი-ფეხბურთში, კალათბურთში და ფრენბურთში. გააქტიურებულია 2 000-ზე მეტი ბენეფიციარი.
თბილისის მერია მხარს უჭერს მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და უკვე მესამედ, მერიის ინიციატივით და პატრონაჟით გაიმართა „თბილისის მარათონი“. საქველმოქმედო დატვირთვის მქონე ღონისძიება, რომელშიც არაერთი კომპანია ჩაერთო. მერიასთან ერთად, აღნიშნული აქციის თანაორგანიზატორი იყო კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტი“.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალ დონეზე გადავიდა.
ბოლო ორწლიან ციკლს აჯამებს განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
ჩვენი რესპოდენტები არიან აღნიშნული სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მისი მოადგილე გეგა ზურაბაშვილი.


ირაკლი გვილავა: „ქალაქისთვის, მერიისთვის, ჩვენთვის ეს იყო დასამახსოვრებელი და საინტერესო მოვლენებით დატვირთული ორი წელიწადი. განხორციელდა ყველაფერი, რაც იყო დაგეგმილი. მთავრობის, თბილისის მერიის აქტიური დახმარებით ჩვენმა სამსახურმა უამრავი ღონისძიება ჩაატარა და ეს მხოლოდ დასაწყისია. თავისთავად, გამოსარჩევია ევროპის მეცამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის და თბილისის სუპერთასის ჩატარება. ორივე ღონისძიება მაღალ დონეზე ჩატარდა. გაიზარდა ჩვენი ქალაქის, ქვეყნის ცნობადობა და ათასობით სტუმარმა, ტურისტმა სათანადოდ შეაფასა პროფესიონალების მიერ ჩატარებული სამუშაო. მე ვამაყობ, რომ ამ პერიოდში უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი. და მათგან ბევრი ახალი რამ მივიღე, ვისწავლე. ამ ურთიერთობით საფუძველი ჩაეყარა შემდგომ თანამშრომლობას.
გეგა ზურაბაშვილი: ჩვენმა ქალაქმა მიიღო ძალიან დიდი ნდობა, როდესაც გამოცხადდა, რომ თბილისი უეფას სუპერთასის მასპინძელი გახდა. ნდობა და, ამავე დროს, გამოწვევა. „დინამო არენაზე“ თითქმის ყველაფერი შეიცვალა. პირველ რიგში, საფარი. შეიცვალა სკამები. დაყენდა ტურნიკეტის სისტემა და პარალელურად, შეიცვალა ორი ტაბლო, განათების სისტემა. გავუკეთეთ მოდერნიზაცია VIP-ლოჟას, გაიზარდა და უფრო კომფორტული გახდა პრეს-ლოჟა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინერგა კომენტირების ახალი სახეობა – ტიფლოკომენტირება, რომელმაც უსინათლო და მცირემხედველ გულშემატკივარს მატჩის სრულად აღქმის საშუალება მისცა. ჩვენი ქვეყნის ისტორიულ სტადიონზე ყველას მაქსიმალური კომფორტი უნდა ჰქონდეს შექმნილი. „დინამო არენას“ რეაბილიტაციისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო 20 მილიონი ლარი.
თბილისის 10 რაიონის 24 სკვერში დამონტაჟდა გარე გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობები, რაც მოსახლეობას აძლევს საშუალებას, დღის ნებისმიერ მონაკვეთში უსასყიდლოდ დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით. ჩვენ ვსაუბრობთ ინოვაციური გარე გამოყენების ტრენაჟორებზე, რომლის ანალოგიც თბილისში ჯერ არ ყოფილა. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ქალაქში სპორტის მასობრიობის გაზრდას. ეს ინოვაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ასაკის მოქალაქესთვის. არავისთვის არ უნდა იყოს ხელისშემლელი ფაქტორი მანძილი და უამინდობა. ამასთან ერთად, აღნიშნული მოწყობილობა საკმაოდ ადვილი მოსავლელია. ტრენაჟორები მაქსიმალურად დაახლოებულია პროფესიულ ტრენაჟორებთან. თავისთავად, არსებობს ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარით დაფინანსდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 18 წლამდე ასაკის 250 წარმატებული სპორტსმენი ბავშვი. ნებისმიერ სფეროში, წარმატებულ ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს დამატებითი მოტივაცია, თავისი საქმის უფრო მაღალ დონეზე გაგრძელების სურვილი. ეს ბავშვები არიან თავისუფლები სპორტში გადასახადებისგან, ტრანსპორტის ხარჯებისგან. როდესაც ახალგარზდა სპორტსმენის ყურადღება მხოლოდ მის უშუალო საქმეზე, სპორტულ პროგრესზე არის აქცენტირებული, ბავშვი გაცილებით მეტს მიაღწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები