LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი სამყარო მაქვს, სადაც ჩემი შვილი ცოცხალია, მელაპარაკება, მიცინის, ამბებს მიყვება” – დათუნას დედის პირველი ინტერვიუ

1677
BeFunky-collage (2)

2017 წლის ზამთრის პირველმა სუსხიანმა დღემ ნათია სარალიძის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მისი შვილისთვის 1 დეკემბერი საბედისწირო აღმოჩნდა.

დავით სარალიძის მამა უკვე სამი წელია ეფექტური გამოძიების მოთხოვნით ბრძოლას აგრძელებს. შვილმოკლული მამა არაერთ მიმართვას და განცხადებებს აკეთებს სოციალური ქსელის საშუალებითაც.

“უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო” – ზაზა სარალიძე

თქვენ ხართ დაზარალებულები… ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება – ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობაში მონაწილეებს

კიდევ ბევრს დაიჭერენ: ზაზა სარალიძე გამოძიებით კმაყოფილია?

უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, პირველი და საკმაოდ ემოციური ინტერვიუ მისცა “ალიას” დავით სარალიძის დედამ. ნათია სარალიძემ შვილთან ურთიერთობის წლები გაიხსენა.

“როცა დავდექით იმის წინაშე, რომ ჩვენ ორიდან ერთი უნდა წასულიყო უცხოეთში სამუშაოდ, გადავწყვიტე, მე წავსულიყავი – ჯერ ერთი, ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეორეც, გადავწყვიტე, რომ ბიჭს მამის ხელი სჭირდება. ზაზას უნდოდა წასულიყო, მაგრამ გადავაფიქრებინე და მე წავედი.
იმ წელს უკვე უნდა ჩამოვსულიყავი.
მე და დათუნას ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა, ტანად იყო დიდი, თორემ, პატარა ბავშვივით იყო, ყველაფერს მიყვებოდა და მაჩვენებდა და მეკითხებოდა, ეს მიხდება? ეს როგორ მაქვს?
არასოდეს უთხოვია ჩემთვის ფული ან საჩუქარი, ყოველთვის იმას მპასუხობდა, არაფერი მინდა, მინდა მალე ჩამოხვიდე, მომენატრეო. საჩუქრები, თუნდაც მცირე, პატარა ბავშვივით უხაროდა, ამიტომ, ვცდილობდი ხოლმე, მცირედი მაინც გამომეგზავნა და გამეხარებინა.
იმ წელს მთხოვა პირველად, მეგობრები ბაკურიანში მიდიან და შეგიძლია, მეც გამიშვაო? დავპირდი, რომ გავუშვებდი, ვკითხე, რამდენი გინდა ფული-თქო, შენ რამდენიც შეგეძლებაო – მიპასუხა.გადავწყვიტე, რომ მესიამოვნებინა და დამემახსოვრებინა მისთვის მეგობრებთან ერთად ბაკურიანში წასვლა.
მეგობრებთან წასულა და ყველასთვის უხარებია, მერე მიყვებოდნენ, დედა ბაკურიანში მიშვებს, ფულს მიგზავნისო.

უამრავი სათამაშო ჰქონდა, უყვარდა სათამაშოები, ეს დათუანიაც მისი სათამაშოა, ვითომ ეჭიდავებოდა, ხოლმე. ყველასთან შეეძლო თამაში, 2 წლის ბავშვთანაც კი.
ძალიან კეთილი და თბილი იყო, ყველა უყვარდა, სულ იცინოდა. შეყვარებული იყო. მომიყვა და რომ გავიგე, ვინ უყვარდა, შევუქე არჩევანი და ისე გაუხარდა, რომ შევუქე…”

ნათია სარალიძე ტრაგიკულ დღესაც იხსენებს და ამბობს, რომ მის სამყაროში დათუნა ცოცხალია და მას ყოველდღე ესაუბრება.

იმ დღეს არ დამირეკა, ვერც მე დავურეკე და აფორიაქებული ვიყავი, არ ყოფილა მანამდე ასეთი. მივწექი, მაციებდა და ჩამეძინა. ღამე გამაღვიძა შეგრძნებამ, რომ დღეს არ მილაპარაკია ჩემებთან, პირველ რიგში ტელეფონს დავხედე, სადაც უკვე იყო ზაზას ნარეკი…
მაშინ მითხრეს, რომ დათუნა დაჭრილი იყო…
სანამ არ ჩამოვფრინდი, არ ვიცოდი, რომ…
ყველამ იცოდა, ჩემს გარდა. რომ ჩამოვფრინდი, მაშინ მითხრა ზაზამ, იმის მერე, უკვე ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი…

არც არაფერს ვკითხულობდი, არაფრის გაგება არ მინდოდა, არც ის მინდოდა ვინმესთან ამაზე მესაუბრა, ახლაც ასე ვარ, არ მინდა, რადგან ჩემთვის დათუნა ცოცხალია, ჩემი სამყარო მაქვს, სადაც ისევ ყოველ დღე ვესაუბრები, ჩემს სამყაროში დათუნა ისევ ისეთი თბილი და მოსიყვარულეა.
არავისი დანახვა არ მინდოდა, მაშინ მითქვამს, ჩემი სიცოცხლე დასრულდა-თქო, მერე მარიამი მახსენებს, მეც ხომ ვარ თქვენი შვილი, ჩემთვის ხომ უნდა იცოცხლოო.

ვპასუხობ, რომ გახდება დედა და მიხვდება თავად, რას ვგულისხმობ. მარიამისთვისაც დამთავრდა ძმის სიცოცხლე და მარიამიც ცუდადაა, ისიც განიცდის, მაგრამ ხედავს ჩვენს მდგომარეობას და ჩვენს გამხნევებას ცდილობს ამ სიტყვებით. მაგრამ, მარიამს ეყოლება შვილი და მიხვდება, რა ბედნიერებაა შვილი, რას ნიშნავს მშობლისთვის შვილი. შვილის გარეშე შენ ის აღარ ხარ, რაც იყავი და ვეღარასოდეს იქნები.

დათუნა სარალიძის დედა ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მოულოდნელ პროცესებსაც გამოეხმაურა, რომელსაც რამდენიმეთვიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა ქვეყანაში.

“ვბრაზობ თუ არა რომელიმეზე? არც კი ვფიქრობ მაგაზე.მინდა აღიარონ და სიმართლე თქვა, მერე ვინ როგორ დაისჯება, უფალს მივანდობ, არასოდეს არც ერთი არ დამიწყევლია…
ერთ-ერთი მშობელს მოსვლა უნდოდა, ეს არ იყო კალანდიას მშობელი, მაშინ არავისთან საუბარი არ მინდოდა, მერე აღარ გაუმეორებია თხოვნა, ახლა რომ მოვიდეს, დაველაპარაკები, მოვუსმენ…
ბოლო თვეების მანძილზე დავიწყე იმის კითხვაც რაც წერენ ჩვენზე და ჩვენს ოჯახზე, რამდენ ტალახს გვესვრიან თურმე, რისთვის, რას გვთხოვენ, ვერ ვიგებ?

განსაკუთრებით მძიმეა იმ ხალხისგან ლანძღვა, რომლებსაც მეგობრებად ვთვლიდით, რას ითხოვენ ჩვენი ოჯახისგან და ზაზასგან, რატომ არ მოკვდა რუსთაველზე მარტო დარჩენილი?

ზაზა სარალიძე ივანიშვილს: გილოცავთ იმ უსაზღვრო სიხარულს, რასაც ჩვენებურად ბაბუობა ქვია

"რაც მე ვერ დაგილოცოთ ბუნების და მაღალი ღმერთის ძალამ დაგილოცოთ!!!"

ივანიშვილს შვილიშვილის დაბადება მიულოცა ზაზამო  – წერდნენ, ცოტა რომ დაფიქრდნენ, მიხვდებიან, რომ ივანიშვილს ზაზამ მიულოცა ის, რაც ზაზას, რაც ჩვენ აღარ გვეღირსება, ჩვენი გვარის შთამომავალი აღარ გვეღირსება და კი არ მიულოცა, ეს შეახსენა – ნუთუ ეს ასე ძალიან რთული გასაგებია?

ერთადერთი რაც მინდა, აღიარონ, თქვან სიმართლე, მოინანიონ.
მონანიების და აღირების ნაცვლად, დათუნასთვისაც კი დაიწყეს ტალახის სროლა, რა აღარ დააბრალეს.
მე იმათიც მესმის, მშობლები არიან და ცდილობენ თავიანთი შვილების დაცვას, მაგრამ ასე და ამ გზით ვერ დაიცავენ, სისხლი ისედაც ყველაზე რთული მოსანანიებელია…

პატრიარქი დამეხმარა ძალიან… მასთან საუბარი მამშვიდებს, მისი ნახვა მამშვიდებს. უდიდესი ძალა მომცა. ეკლესიაში დავდივარ ხშირად, მინდა ჩემს შვილს ყველაფერი ისე გავუკეთო, როგორც საჭიროა.

ახლა რომ ვფიქრობ, ყველაფერი უფლის ნება იყო, უფლის ნება იყო, რომ მე წავსულიყავი უცხოეთში, არ ვიცი, სწორად როგორ ავხსნა, იმ წლების მანძილზე, როცა არ ვცხოვრობდით ერთად, როცა მხოლოდ შორიდან ვხედავდი და ვისმენდი მის ხმას, ხომ შევეჩვიე, რომ ვერ ვეხებოდი და ვიხუტებდი და ახლაც იმ მდგომარეობაში ვარ, ჩემი სამყარო მაქვს, სადაც ჩემი შვილი ცოცხალია, მელაპარაკება, მიცინის, ამბებს მიყვება, შეჭრილ, თუ წამოზრდილ თმებს მაჩვენებს და მეკითხება: – მიხდება?”

მკვლელობიდან წელიწადნახევრის შემდეგ, 2019 წლის ივნისში, სააპელაციომ სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა გ.ჯ-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა დავით სარალიძე. ამავე წლის ივლისში კი სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით კიდევ ერთი ახალგაზრდა – მიხეილ კალანდია დააკავეს.

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშია 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, უცვლელი დარჩა გუგა ბარბაქაძის სასჯელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g