LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს 19 წლის შვილს არც ერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არსად არ ჩაუტანია – დედა ვარ და მას ამ სენთან ბრძოლაში ბოლომდე გავყვები“ – რას წერს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ანა გუდავას დედა

1939
თამარ და ანა გუდავები

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ანა გუდავას დედა და აჭარის კულტურის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, თამარ გუდავა სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ პროკურატურის ცნობით, მის შვილს არც ერთი გრამი ნარკოტიკი არც თან ჰქონია და არც გასასაღებლად დაუდია სადმე, რისიც თავადაც სჯეროდა.

თამარ გუდავა, რომელმაც აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა 6 მარტს, ნარკოდანაშაულის შესახებ გავრცელებული ოფიციალური ცნობიდან მეორე დღესვე დატოვა, ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიუკერძოებლობის იმედი აქვს.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული 19 წლის გოგოს დედა, მომხდარი ფაქტის შემდეგ, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებით გარდაცვლილი არჩილ ბარდაველიძის ოჯახს უსამძიმრებს და წერს, რომ ამ მდგომარეობაში შესაძლოა თავადაც მოხვედრილიყო:

„ჩემო მეგობრებო, განსაცდელით სავსე ურთულეს დღეებს გავდივართ!

უპირველესად მინდა უდიდესი ტკივილით სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილი არჩილ ბარდაველიძის ოჯახის მიმართ… მინდა დედას თანავუგრძნო და მისი მწუხარება გავიზიარო. ამ მდგომარეობაში შეიძლებოდა მეც ვყოფილიყავი… აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთად ვართ ამ ომში და მიუხედავად იმისა, რომ ანანო ცოცხალი გადარჩა, ამ ბრძოლაში ორივე დამარცხებულები ვართ!

„ჩემი ქიმიური და ხარო, მეძახდა… დღესაც შენთან შეგვკრიბე, ოღონდ, ამჯერად, სამუდამო გამომშვიდობების ცრემლებისთვის..“ – სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილ ახალგაზრდა ბიჭს მეგობარი ემოციურ პოსტს უძღვნის

მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ყველა თქვენგანის მიმართ, თქვენი მხარდაჭერა და გვერდით დგომა, ჩემთვის ამ ძალიან რთულ დღეებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში გაცილებით დიდი და ბევრია სიკეთე, ძალიან ცოტა – ბოროტება. თქვენს ამ სიყვარულს და მხარდაჭერას მე აუცილებლად დაგიბრუნებთ!

თითოეული თქვენგანის წინაშე ვალდებულად ვთვლი თავს გაგიზიაროთ… როგორც დედას ერთადერთი რისიც მჯეროდა იყო ის, რაც ბრალდების მხარემაც დაადასტურა. გამოძიების პირველ ეტაპზე პროკურატურის ვერსიითაც, ჩემს 19 წლის შვილს არც ერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არ ჩაუტანია არსად.

ანანო მიუხედავად იმისა რომ თვითონაც ცუდად იყო, თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი არჩილისთვის და იმ დროს მას არ უფიქრია საკუთარი თავის მიმართ რაიმე საფრთხეებზე. დანარჩენი დეტალები იცის ბრალდების და დაცვის მხარემ და მე როგორც დედას სასამართლოს სამართლიანობის და მიუკერძოებლობის იმედი მაქვს.

წლების განმავლობაში, მთელი ჩემი საქმიანობა, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ძიებას და შექმნას ემსახურებოდა. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ბავშვი და ახალგაზრდა ჩართულიყო კულტურის სფეროში. ამ გზით მინდოდა მათი ინტერესების და ნიჭის მხარდაჭერა.

„კარგი ბიჭი იყო, სხვას რას აკეთებდა, არ ვიცი.. ჩხრეკა ჩაატარეს, ასე ამბობენ, ნარკოტიკები ჰქონდათო“ – რას ამბობენ ადგილობრივები 19 წლის ნარკოდანაშაულში მონაწილე ბიჭზე, რომელიც სავარაუდოდ, ზედოზირებით გარდაიცვალა

ამ განსაცდელმა და ტკივილმა, ჩემთვის ახალ რეალობაში, როგორც დედას სრულიად წარმოუდგენელი ახალი ფუნქცია დამაკისრა. ჩემი და ჩემი შვილის ამ ტკივილიან მდგომარეობაზე მე დღეიდან ვისაუბრებ ღიად ყველგან, ბავშვებთან და ახალგაზრდებთან, რომლებიც თანამედროვე რეალობაში ბევრი ცდუნების წინაშე დგანან. მჯერა, რომ სწორედ კონკრეტულ მაგალითებზე მუდმივი და პირისპირ საუბრებით შევძლებთ დავიცვათ ჩვენი შვილები ამ ბოროტი სენისგან.

ახლა სიმართლის დადგენის მოლოდინში მე ჩემს შვილს ყველაზე მეტად ვჭირდები… დედა ვარ და მას ამ სენთან ბრძოლაში ბოლომდე გავყვები…

ზოგიერთი ახლა ნოდარ დუმბაძის “თეთრი ბაირღებიდან” ნაკაშიძის დედას რომ ეუბნებიან იმ სიტყვებს მეტყვის:

…“პირველად ვხედავ საკუთარი შვილის სიმართლეში ასე დაჯერებულ დედას.

მეც ნაკაშიძის დედასავით ვუპასუხებ:

…“ჩემი შვილი მონასტრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ მხოლოდ ერთი მხრიდან უყუროთ, ან საღებავი გადაუსვათ, წაშალოთ და ზედ ახალი ფრესკა დახატოთ…“

ახლა დაუჯერებელ რეალობაში ახალი და დაუმარცხებელი ძალით მიწევს ცხოვრების გაგრძელება! ამას მხოლოდ თქვენთან ერთად შევძლებ“. – წერს თამარ გუდავა.

„განადგურებული ვარ! თუ ჩემი შვილის რაიმე სახის ბრალეულობა დადასტურდა, კანონის წინაშე აუცილებლად მკაცრად პასუხს აგებს!“ – აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს

ინფორმაციისთვის, გამოძიების ვერსიით, პირველ მარტს, ორმა პირმა პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანა და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ გასაღების მიზნით განათავსა.

„მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ“. – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიების ცნობითვე, ორივე პირმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

ბრალდებული 2 მარტს დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) გათვალისწინებული დანაშაული.

ჩემო მეგობრებო, განსაცდელით სავსე ურთულეს დღეებს გავდივართ! უპირველესად მინდა უდიდესი ტკივილით სამძიმარი გამოვხატო…

Posted by თამარ გუდავა on Tuesday, 12 March 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g