LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ არ გვაქვს დრო თვეები ან კვირები, ეს სიტუაცია ლარსზე ამ წუთებშიც თამაშდება და შეიძლება ერთ კვირაში ასობით ათასი ადამიანი მივიღოთ.. ეს საქართველოსთვის მრავალგვარი რისკის შემცველია“ – ანდრო გოცირიძე რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საფრთხეებზე

257
BeFunky-collage

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს რუსი მიგრანტების დიდი ტალღა? – ამ თემაზე უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, მიგრანტთა მასშტაბი საქართველოსთვის მრავალგვარი რისკის შემცველია.

„ეს საქართველოსთვის მრავალგვარი რისკის შემცველია, როგორც წმინდა სამხედრო კუთხით, აგრეთვე მიგრანტების კრიზისის თვალსაზრისით, რომელიც რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ.

სხვა საფრთხეებს რომ თავი დავანებოთ, იქნება ეს კონტრდაზვერვითი საფრთხეები, ტერორისტული დაჯგუფებების, რუსეთის აგენტების შემოსვლა საქართველოში, ახლა სახეზეა იმხელა ნაკადი, რომელმაც პირველ რიგში შეიძლება ეკონომიკური პრობლემები შეუქმნას ქვეყანას, თუნდაც მათი განთავსების თვალსაზრისით.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში იმყოფებიან უკრაინელი დევნილები, რომელთაც ამ ხალხის გამო მოუწიათ საკუთარი სამშობლოს დატოვება და ბევრმა ოჯახის წევრი დაკარგა ამ ომში. ამას გარდა, ბუნებრივია ახლა ამ ტალღაში დიდი რაოდენობით არიან იმ მობილიზაციას დაქვემდებარებული რუსი ეროვნების მოქალაქეები, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება აქვთ და სავსებით შესაძლებელია ისინი 2008 წელს იყვნენ კიდევაც რუსეთის არმიის ეგიდის ქვეშ საქართველოში შემოჭრილები. დიდია პროვოკაციის რისკი. ზოგადად, ეს ის პრობლემაა, რომელსაც საქართველო აუცილებლად უნდა შეხვდეს უსაფრთხოების სწორი კონცეფციის ჩამოყალიბებით.

დრო არ ითმენს, ჩვენ არ გვაქვს დრო თვეები ან კვირები მოსაფიქრებლად. ეს სიტუაცია ლარსზე ამ წუთებშიც თამაშდება და შეიძლება ერთ კვირაში, თუ რუსეთმა თავად არ ჩაკეტა საზღვრები, ასობით ათასი ადამიანი მივიღოთ ჩვენს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

უსაფრთხოების სპეციალისტი რუსეთი პოლიტიკური გეგმის რამდენიმე ვარიანტზე საუბრობს.

„რუსეთმა შესაძლოა მობილიზაციის გეგმა ამ ვითომ და ლტოლვილების გარეშეც შეასრულოს, თუმცა არ არის გამორიცხული, ისარგებლოს არსებული სიტუაციით, საზღვარზე პროვოკაციებს შეეცადოს და საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას საქართველოს წინააღმდეგ.

ვინაიდან ეს ნაკადები წარმოიქმნა, რუსეთი ფიქრობს, რომ აქედანაც შეიძლება სარგებლის მიღება, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ამ ნაკადმა შესაძლოა არეულობა შექმნას მეზობელ ქვეყანაში, რომელიც მისი დაინტერესების ობიექტია. ვგულისხმობ არა მხოლოდ საქართველოს, შეიძლება ინტერესი ჰქონდეს მონღოლეთის ან სხვა ქვეყნების მიმართაც.

გავიხსენოთ, როგორ იყენებდა რუსეთი სირიელი მიგრანტების კრიზისს ევროპის საწინააღმდეგოდ გერმანიის მთავრობაზე და პირადად კანცლერ მერკელზე ზეწოლისთვის შემდგომი პროპაგანდისტული მიზნებისა და საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად. ათი ათასობით დევნილს პირდაპირ აგზავნიდა სირიაში და გამანადგურებელი დაბომბვების შედეგად ევროპის საზღვარზე იმისთვის, რომ დევნილთა კრიზისით აღშფოთებულ გერმანულ მოსახლეობას ზეწოლა მოეხდინა საკუთარ მთავრობაზე.

ბუნებრივია, საქართველოში მას სხვა ამოცანები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის თიხის ფეხებზე შემდგარი გოლიათი აღმოჩნდა, მაინც ამუშავებს რაღაც სქემებს საკუთარი მოგების მისაღებად”, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

“ფორტუნას” კითხვაზე – როგორი უნდა იყოს ასეთ დროს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკა? – უსაფრთხოების სპეციალისტი პასუხობს, რომ ქვეყანას გამართული უსაფრთხოების სისტემა, არაპოლიტიზებული სპეცსამსახური და მოდელი სჭირდება, რომელიც უკრაინაში ომის საფრთხის შექმნისთანავე უნდა ჰქონოდა ჩვენს ქვეყანას.

“ის, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვართან ახლოს და სტრატეგიულ პარტნიორთან ამგვარი ომი მიმდინარეობს, ბუნებრივია რაღაც ფორმით აისახება საქართველოზე. ორივე შემთხვევაში (გამარჯვების და დამარცხების) შეიძლება ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნას, თუ არ იქნება სწორი კურსი და მოქმედებები ჩვენს ქვეყანაში.

ამისთვის სჭირდება ქვეყანას გამართული უსაფრთხოების სისტემა, არაპოლიტიზებული სპეცსამსახური. იმ წუთიდან, რა წუთიდანვე უკრაინაში ომის საფრთხე შეიქმნა, ყველა მოდელი, შესაძლო განვითარების სქემები, ჩვენი შესაძლო პასუხით უნდა დადებულიყო უსაფრთხოების საბჭოს წინაშე. ახლა არსებულ ვითარებაში კი არ უნდა ვეძებდეთ გამოსავალს, არამედ უნდა ვმოქმედებდეთ უკვე არსებული და რისკების შეფასების შედეგად მიღებული სიტუაციის მიხედვით.

შესაძლოა ეს ასეც იყო, მაგრამ  დამდგარი შედეგებიდან გამომდინარე  ჩანს, რომ რაღაცამ სწორად ვერ იმუშავა, ყველაფერს რომ სწორად ემუშავა, მაშინ კრიზისები არ უნდა არსებობდეს”, – განაცხადა უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g