LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ შეგვეძლო ეს ბავშვები გადაგვერჩინა…თუ ბავშვების დაცვა გვინდა, მაშინ ინფორმაცია უნდა მივცეთ, გამოცდილი მეთოდია, რომ სკოლაში, ძალიან ზუსტად დამუშავებული მიდგომით ვასწავლოთ” – ანა არღანაშვილი სექსუალური ძალადობის ფაქტებზე

110
BeFunky-collage

სექსუალური ძალადობა და სისტემური პრობლემები საქართველოში: ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი შემზარავი ფაქტი მოხდა.

თბილისში 12 წლის ბავშვმა გუშინ შვილი გააჩინა, სამეგრელოში 8 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მისი ბიძა დააკავეს, აჭარაში კი 14 წლის გოგოს მამამ მას შემდეგ სცემა, რაც მსხვერპლმა ოჯახს აცნობა, რომ ის გააუპატიურეს.

რა სისტემური პრობლემები ვლინდება და როლი აქვს ამ ყველაფერში სქესობრივ განათლებას აღნიშნულ თემაზე რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანა არღანაშვილმა ისაუბრა.

„დრო მოვიდა ჩვენ თვალი გავუსწოროთ ამ რეალობას. ძალიან დიდი ხანი, როდესაც არ გვესმოდა ასეთი შემთხვევების შესახებ გვეგონა, რომ ეს არ ხდებოდა და, სამწუხაროდ, ეს არის მცდარი. რაც უფრო გადავდებთ ამ პრობლემის აღიარებას, მით უფრო გადაიდება მისი მოგვარება. ის, რომ პრობლემა ჟღერდება ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ ბავშვები უნდა დავიცვათ.

მაგრამ თვითონ ეს ფაქტები რომ ხდება, არის ძალიან მძიმე და კატასტროფული, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა.

ჩვენ სტატისტიკური მონაცემები გვაქვს იმის შესახებ, რომ ბავშვები ხდებიან საფრთხისადმი განსაკუთრებით მოწყვლადი, როდესაც მათ არ აქვთ ინფორმაცია.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების უმეტესობას არ ჰქონდა ინფორმაცია, რა არის სქესობრივი კავშირი და ამ არაინფორმირებულობით ისარგებლა თუნდაც მეორე მხარემ, ვისაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდა.

შესაბამისად, ჩვენ თუ გვინდა ბავშვები დავიცვათ, ისინი უნდა დავიცვათ სწორი ინფორმაციის მიწოდებით, განსაკუთრებით იმის შესახებ, რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად, ადრეულ ორსულობას.

ინფორმაცია რომ უნდა მივაწოდოთ სწორი დოზით და სწორი ფორმით ამაზე თუ შევთანხმდით, ახლა უნდა დავსვათ კითხვა, ვინ მიაწვდის ინფორმაციას?

ბავშვები ყოველთვის ამბობენ, რომ რცხვენიათ ამ კითხვების დასმა, რადგან შეიძლება ისე დაისაჯონ, როგორც დაისაჯა გაუპატიურების მსხვერპლი ბავშვი.

რა უნდა ვქნათ? უნდა ვთხოვოთ შესაბამის კვალიფიციურ ადამიანებს, მასწავლებლებს და განათლების სამინისტროს, რომ ეს ინფორმაცია ისე დაამუშაონ, ისე მიაწოდონ, რომ, პირველ რიგში, ბავშვების დაცვის მიზანი შევარჩიოთ.

აქ უნდა მოვიხმოთ ჩვენ კვლევები, რომლებიც გვეუბნება, რომ სხვა ქვეყნებში სადაც სწორი დოზით, სწორი ფორმით, სწორ დროს მიაწოდეს ინფორმაცია, გაცილებით გვიან დაიწყეს ამ არასრულწლოვნებმა სქესობრივი აქტივობა.

მთავარი შიში არის მშობლების მხრიდან ის, რომ თუ მას ინფორმაცია ექნება, ის ადრე დაიწყებს სქესობრივ აქტივობას, ეს არასწორი სტერეოტიპია. პირიქით, ხდება. რაც უფრო არ იცის ბავშვმა, უფრო ეძებს ასეთ ინფორმაციას, მაგალითად ინტერნეტში, ქუჩაში.

თუ ბავშვს ეცოდინება, პროფესიონალისგან მიწოდებული ინფორმაცია, რა საფრთხეები არსებობს, ბავშვი უფრო თავდაჯერებულად იტყვის “არას” და როდესაც იგრძნობს საფრთხეს დახმარებისთვის აუცილებლად მიმართავს პროფესიონალს.

თუ ჩვენ ბავშვების დაცვა გვინდა, მაშინ ინფორმაცია უნდა მივცეთ. თუ არ მივცემთ ინფორმაციას, მაშინ ჩვენ ასეთი ფაქტების ატანა ხშირად მოგვიწევს და, რაც მთავარია, ჩვენ თავში მოვძებნით დამნაშავეს იმიტომ, რომ ჩვენ შეგვეძლო ეს ბავშვები გადაგვერჩინა.

პირადი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, მათ შორის სექსუალური ძალადობის თვალსაზრისით საკითხები, განათლების სისტემაში უნდა იყოს ინტეგრირებული?

როგორც ვხედავთ, ოჯახში ვერ ვასწავლეთ ამ ბავშვებს. ფაქტია, თითქმის არც ერთმა მშობელმა არ იცის როგორ ასწავლოს. ამიტომ უფრო გამოცდილი მეთოდია, რომ სკოლაში, ძალიან ზუსტად დამუშავებული მიდგომით ვასწავლოთ.

ამ მიდგომის დამუშავებაში ჩვენ, მშობლებმაც შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ უნდა ვენდოთ პროფესიონალებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს, სად არ უნდა შეეხონ, ამაში ცუდი არაფერია.

მაგალითად, არსებობს “საცურაო კოსტიუმის წესი”, ერთ-ერთი საგაკვეთილო თემა, არ უნდა შეეხო ბავშვს, სადაც კოსტიუმი ფარავს სხეულს. აი ამაში რატომ უნდა ვეძებოთ მოწოდება, რაღაც სქესობრივი აქტივობის გაძლიერებისკენ?

ეს მოწოდება არ არის. სამწუხაროდ, არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც შეცდომაში შეჰყავთ მშობლები.

მე მჯერა, რომ საქართველოში მშობლები გაიაზრებენ, რა ჯობს-ის, რომ სიურპრიზად გავიგოთ, რომ ბავშვებზე ძალადობენ? თუ მშობლები დაფიქრდებიან არ მოხვდებიან არავის ზეგავლენის ქვეშ.

აჭარაში 14 წლის გოგოს მამამ მას შემდეგ სცემა, რაც მსხვერპლმა ოჯახს აცნობა, რომ გააუპატიურეს. როცა ვსაუბრობთ ოჯახის როლზე და მსგავსი ფაქტების წინაშე აღმოვჩნდებით, აქ უკვე რა პრობლემას ხედავთ?

როცა ძალადობის მსხვერპლი უყვება ოჯახს ძალადობის ფაქტზე, ის მოელის რომ შეხვდებიან გაგებით, აღმოუჩენენ დახმარებას, თუმცა ოჯახი, რომელმაც უნდა დაიცვას მსხვერპლი, ის თავად წარმოდგება როგორც მოძალადე.

ეს არის საზოგადოების დამოკიდებულების პრობლემა? როგორ უნდა შეიცვალოს ეს დამოკიდებულება? ამ შემთხვევაში რა მხრივ უნდა ვიმუშაოთ?

მამის ქმედება არის დანაშაული, მაგრამ ძალიან ნეგატიური შედეგები მოჰყვება. ეს ბავშვი და სხვა ბავშვები შემდეგ იმიტომ არ გვენდობიან, რომ ეს მამა ასე მოიქცა. ანუ ჩვენ დავკარგეთ მათთან კონტაქტი, ფაქტობრივად, მათ რომ რამე გაუჭირდეთ, ჩვენ აღარ მოგვმართავენ. როგორ უნდა მოვიქცეთ? პირველ რიგში, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და მერე ბავშვებს ვუთხრათ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მათ გვერდით ვიქნებით. გვაქვს შემთხვევები, როცა ასეთი ფაქტები ტრაგიკულად სრულდება.

გაგახსენებთ, აჭარაში ნინი ცეცხლაძის საქმეს, როდესაც ბავშვი მივიდა უმძიმეს შედეგამდე, სიცოცხლის ხელყოფის სახით.

ჩვენ ვრისკავთ, ბავშვი, თუ არ გვენდობა, ის მარტო ვერ ნახავს გამოსავალს. ყველა შემთხვევაში ბავშვებს უნდა ვუთხრათ, რომ რაც არ უნდა მოხდეს მათ გვერდზე ვართ.

პირველ რიგში, ვეცადოთ, რომ ეს არ მოხდეს, მივაწოდოთ ინფორმაცია და სკოლას ვთხოვოთ, რომ დაგვეხმაროს ინფორმაციის მიწოდებაში. თუ მაინც მოხდა, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვართ მათი მოკავშირე.

ჩვენ ვიცით, რომ უფრო უარესი შემთხვევებიც შეიძლება მოხდეს, გაუპატიურება და კიდევ უარესი… ფაქტობრივად, ჩვენ ვეთამაშებით ამ სფეროს, როდესაც ბავშვს არ ვუსმენთ.

შევეხოთ პრევენციას და დასჯის მექანიზმებსაც…სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის კუთხით რა შენიშვნები გაქვთ?

რა უნდა შეიცვალოს კანონში? როგორ უყურებს დღეს სისტემა სექსუალურ დანაშაულს?

გვაქვს მართლაც უმნიშვნელოვანესი პრობლემა კანონმდებლობაში. ჩამორჩა ჩვენი კანონმდებლობა. ყველა, სხვა განვითარებულ ქვეყანაში გაუპატიურებად ითვლება, ქალის, გოგონას ნების წინააღმდეგ მიმართული სქესობრივი აქტი.

ჩვენს შემთხვევაში, გაუპატიურება მხოლოდ მაშინ კვალიფიცირდება, თუ ასევე ძალადობასაც აქვს ადგილი.

ძალიან ხშირად მსხვერპლი ვერ ახერხებს ძალადობას გაუმკლავდეს და შეიძლება იძულებული გახდეს, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის, “კი” თქვას.

ამიტომ, ძალადობის ნაწილი არ უნდა იყოს მაკვალიფიცირებელი გარემოება. მთავარი უნდა იყოს, რომ თანხმობის არ არსებობა ჩაითვალოს გაუპატიურებად.

ბავშვებს რაც შეეხება იქ თანხმობას საერთოდ არ განვიხილავთ. შეშინებულმა ბავშვმა რომ უთხრას, რომ თანახმაა, საერთაშორისო კანონმდებლობა გვეუბნება, რომ ეს თანხმობა არ არის სრულფასოვანი.

საინტერესოა ასევე როგორ ხდება გამოძიება. განვითარებულ ქვეყნებში ამის გამოძიებისთვის უამრავი ინსტრუმენტი არსებობს.

ამაზე საზოგადოებამ არ უნდა იდარდოს იმიტომ, რომ გვყავს სამართალდამცველები, რომლების ამას გამოიძიებენ, მთავარია საზოგადოება შეთანხმდეს, რომ თანხმობის არ ქონა უკვე არის გაუპატიურება და საზოგადოება არ უნდა კითხულობდეს: “კი მაგრამ გაუწია წინააღმდეგობა?”

კარგად ვიცით, რომ ხშირად წინააღმდეგობა შეიძლება ვერ გავუწიოთ ძალიან ბევრი ფაქტორის გამო,” – აღნიშნა ანა არღანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g