LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩვენი კომპოზიცია სულ რამდენიმე თვის წინ ჩაწერა ტინამ უკრაინაში და უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა” – ანრი ჯოხაძე პრემიერით ,,არტ-Fm”-ში

57
koxadzeanri

გადაცემის ლაივი LIVE

23 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ანრი ჯოხაძე სტუმრობდა ახალი სიმღერის პრემიერით „ისევ მოხვალ“, რომელიც უკრაინელ მომღერალთან, ტინა კაროლთან ერთად ჩაწერა.

– ანრი, არასდროს გიფიქრიათ რადიო წამყვანობაზე?

– კი, მქონდა მსგავსი ფიქრები, თუმცა ჯერ არ მიცდია.

– როგორ გაჩნდა სიმღერის „ისევ მოხვალ“ შექმნის იდეა?

– სიმღერა ტინა კაროლს ეკუთვნის, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ მოიწვია თავის პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები სტუმრის სტატუსით, რადგან წლების მანძილზე უცვლელად უძღვებოდა ანალოგიურ შოუს უკრაინაში. რა თქმა უნდა, ჩვენთან სტუმრობისას ერთმანეთი გავიცანით და სწრაფად დავმეგობრდით, მერე კი, ნოესთან ერთად ძალიან სპონტანურად გადავწყვიტეთ დუეტის ჩაწერა. სიამოვნებით დაგვთანხმდა და სიმღერის შერჩევის უფლებაც მოგვცა. სხვათა შორის, ჩვენი კომპოზიცია სულ რამდენიმე თვის წინ ჩაწერა ტინამ უკრაინაში და უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. საინტერესო ინგლისურ-ქართული დუეტი გამოგვივიდა, რადგან სიმღერის ნაწილი მე დავწერე ქართულად, ტინამ კი, საკუთარი ნაწილი თარგმნა ინგლისურად, ბოლოს კი, ორივემ ჩემი ქართული ვერსია შევასრულეთ.

– რამდენად რთული იყო მოკლე დროში მსგავსი ექსპერიმენტის განხორციელება?

– აბსოლუტურად არ იყო რთული, რადგან ტინა მართლაც საოცარი მომღერალია. მეტიც, დღეს უკრაინაში საუკეთესო შემსრულებლად ითვლება.

– რამდენადაც ვიცი, პანდემიის დროს ძალიან ნაყოფიერად იმუშავეთ, შედეგების წარდგენას კი ახლა აპირებთ?

– მართლაც უამრავი სიმღერა დავაგროვე პანდემიის პერიოდში, თუმცა გამოშვებისგან ჯერ თავს ვიკავებ, რადგან აზრს ვერ ვხედავ. კონცერტების მოწყობა ისევ შეზღუდულია, მარტო კლიპის YouTube-ზე ატვირთვა კი, არ მაკმაყოფილებს.

– რას ჰპირდებით თაყვანისმცემელს რეგულაციების გაუქმების შემდეგ?

– ბოლო კონცერტი 2019 წლის ზაფხულში გავმართე ბათუმში, ნოემბერში თბილისში ვგეგმავდი მსგავსი მასშტაბის წარმოდგენის მოწყობას, თუმცა ვერ მოვახერხე, 2020 წლის გაზაფხულისთვის გადავდე, მერე კი, უკვე გასაგები მიზეზების გამო ისევ მომიწია გადადება, ამიტომ რეგულაციების გაუქმების შემდეგ აუცილებლად გავმართავ სოლო კონცერტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

– გაქვთ თუ არა საოცნებო პროფესია?

– კონკრეტული პროფესიებით ნაკლებად ვინტერესდები, მე საქმე უფრო მიზიდავს, რომელსაც ჩემს პროფესიად ვაქცევ. ვფიქრობ, ნებისმიერი საქმის სწავლა შემიძლია, თუ სერიოზულად დავინტერესდი. ახლა მუსიკა და ტელევიზიაა ჩემი ცხოვრება, ამიტომ სხვა საქმეზე ნაკლებად ვფიქრობ.

– რომელ მუსიკოსთან ერთად ჩაწერდით დუეტს?

– სამწუხაროდ, ვინც ბავშვობაში აღმაფრთოვანებდა, ცოცხალი აღარაა. ალბათ ყველა კარგ შემსრულებელთან, ვისაც ენერგეტიკით მოვერგებოდი, რათა საინტერესო სანახაობა შემექმნა მაყურებლისთვის.

– როგორ ქმნით ჰიტებს?

– მზა რეცეპტი ნამდვილად არ მაქვს. ჩვეულებრივ ღამით ვწერ, თუმცა დღისითაც შეიძლება მუზამ შემაწუხოს. ზოგჯერ ისეთი სიმღერა ხდება ჰიტი, რომ თვითონაც მიკვირს.

– ვის აზრს ითვალისწინებთ ყველაზე მეტად?

– აბსოლუტურად ყველას აზრი მაინტერესებს. მართალია, ბევრს ჰგონია, რომ ძალიან ამბიციური ვარ და არავის ვუსმენ, მაგრამ სინამდვილეში, ყველას მოსაზრება მაინტერესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები