საერთაშორისო ურთიერთობები გადის ჩვენი ღირსების დაცვაზე, ღირსების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და სწორედ ამ საზღვრებზე გადის ქართველი კაცის ღირსების დაცვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გრიგორი კარასინის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციას შეეხებოდა.
მინისტრის თქმით, ამ კონკრეტულ ინფორმაციაზე და ამ განცხადებაზე ვერ ისაუბრებს, რადგან არ არის დეტალებში ინფორმირებული.
“ჩვენ დღითი დღე ვხედავთ რუსი ტურისტების საკმაოდ დიდ რაოდენობას საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ მეზობლების მიმართ, განსაკუთრებით ჩვენს მოსახლეობას, აქვს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. ჩვენ გვსურს მხოლოდ მშვიდობა. ჩვენ გვსურს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება. ასე რომ, პოლიტიკა, მათ შორის რუსეთთან, არის დიალოგზე ორიენტირებული. დღეს მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობები გადის ჩვენი ღირსების დაცვაზე, ღირსების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და სწორედ ამ საზღვრებზე გადის ქართველი კაცის ღირსების დაცვა,”- განაცხადა იზორიამ.