„მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებულ პროგრამაში, რომელიც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის სრულად დაფინანსებას ითვალისწინებს, თბილისის მერიაც იქნება ჩართული“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
კახა კალაძის თქმით, წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი ფინანსდება იმ სხვადასხვა ოპერაციის და პროგრამის სახით, რომელიც დედაქალაქის მერიას აქვს.
„დედაქალაქის ბიუჯეტი ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულებისგან შედგება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებია. ყოველწლიურად ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხები იხარჯება ამ მიმართულებით, რომ ადამიანებს დავეხმაროთ და ჩვენი სამსახურების მხრიდან თანადგომა ჰქონდეთ.
წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი ფინანსდება იმ სხვადასხვა ოპერაციის და პროგრამის სახით, რომელიც დედაქალაქის მერიას აქვს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანია ღვიძლის გადანერგვის პროგრამა, რომლის განხორციელება 2018 წლიდან დავიწყეთ. პროგრამის დაწყებისას ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე მოქალაქე მუნიციპალიტეტის მხრიდან მომსახურებისას განსაზღვრული ტარიფის 50 პროცენტით ფინანსდებოდა. მოგვიანებით, დაფინანსება გავზარდეთ, დავამატეთ 10 ათასი ლარი და 70 ათასი ლარით განისაზღვრა. ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია თუ ღირდა 120 ათასი ლარი, დედაქალაქის მერია თბილისში მცხოვრებ ადამიანებს აფინანსებდა 70 ათასი ლარით. იგივე პროგრამა ბათუმში ხორციელდებოდა.
რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება აღნიშნული პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მისასალმებელია, დაფინანსების ოდენობა სახელმწიფოს მხრიდან 100 პროცენტით განისაზღვრა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მივესალმებით და მას დედაქალაქის მერიაც უერთდება. აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში.
დედაქალაქის მერიაც სრულად დააფინანსებს აღნიშნულ ოპერაციას და ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროგრამაა. ვისაც დასჭირდება, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ექნება მხარდაჭერა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩვენც ვუერთდებით და თუ აქამდე 120 ათასი ლარიდან 70 ათასი ლარით ფინანსდებოდა და ამ ხარჯებს მუნიციპალიტეტი სწევდა, დანარჩენი თანხების მოძიება უშუალოდ ადამიანებს უხდებოდათ, დღეს ეს პრობლემა მოხსნილი იქნება და აღნიშნული პროგრამა ჩვენი მხრიდანაც 100 პროცენტით დაფინანსდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.