American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა.
BBC – ის ცნობით, შეჯახება ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს მოხდა.
CNN – ი წერს, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უკვე დასტურდება, თუმცა უცნობია ზუსტი რაოდენობა.
ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. გადარჩენილებს მყვინთავები წყალში ეძებენ.
Bombardier CRJ700 რეგიონულ თვითმფრინავს 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადაჰყავდა.
ავიაკომპანიის ცნობით, თვითმფრინავი ვიჩიტადან კანზასში მოდიოდა. ხოლო Black Hawk-ის სამხედრო ვერტმფრენზე არმიის სამი ჯარისკაცი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის რონალდ რეიგანის ეროვნულ აეროპორტში ფრენები შეჩერებულია.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, მათ მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავისა და ვერტმფრენის შეჯახებას ეხმაურება.
მისი თქმით, ცუდი ვითარებაა, რომლის თავიდან აცილება უნდა მომხდარიყო:
„თვითმფრინავი აეროპორტთან მიახლოებისას იდეალურ და რეგულარულ ხაზზე იყო. ვერტმფრენი დიდი ხნის განმავლობაში პირდაპირ თვითმფრინავისკენ მიემართებოდა. ნათელი ღამეა, თვითმფრინავზე შუქები ანთებული იყო, ვერტმფრენი მაღლა რატომ არ ავიდა, ან რატომ არ დაეშვა ან რატომ არ შემობრუნდა? ცუდი ვითარებაა, რომლის, როგორ ჩანს, თავიდან აცილება უნდა მომხდარიყო. კარგი არ არის!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.
ფოტო: EPA