სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი Kia, შიდა და გლობალური ბაზრების გაფართოების სტრატეგიის ფარგლებში, 2030 წლისთვის ამერიკელი მომხმარებლებისთვის პიკაპის ტიპის ავტომობილის, მათ შორის ჰიბრიდული ვარიანტების შეთავაზებას გეგმავს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სულ მცირე ერთი ჰიბრიდული ვარიანტის წარმოება უშუალოდ აშშ-ში იგეგმება, რაც ბრენდის მნიშვნელოვანი ექსპანსია იქნება მაღალშემოსავლიან აშშ-ის ბაზარზე.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში სრულგაბარიტიანი პიკაპების გაყიდვებში General Motors-ი, Ford Motor-ი და Chrysler-ის მფლობელი Stellantis-ი დომინირებენ, Kia აპირებს, მისი მოდელი საშუალო ზომის კატეგორიას განეკუთვნებოდეს. ამასთან, როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორო ჰო სუნგ სონგი აცხადებს, Kia-ს პიკაპი ჩარჩოიან კონსტრუქციაზე (Body-on-Frame) იქნება დაფუძნებული.

Automotive News-ის თანახმად, Kia 2034 წლისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში ყოველწლიურად 90 000 პიკაპის გაყიდვას და საშუალო ზომის პიკაპების სეგმენტის 7%-ის დაკავებას მოელის.
შეგახსენებთ, გასულ წელს Kia პიკაპების გლობალურ ბაზარზე შევიდა მოდელით „Tasman“. ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, გამოიყენებს თუ არა კომპანია ამავე სახელწოდებას აშშ-სთვის განკუთვნილი პიკაპისთვის, ასევე უცნობია ავტომობილის სავარაუდო ღირებულება.
