„ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეს, მე რა ვიშოვე, არამედ ის – რა შევიტანე ბიუჯეტში“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.
Coca-cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებლის პარლამენტარ ალუდა ღუდუშაურის შეფასებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ თემურ ჭყონიას ცივი კოკა-კოლას შეხვედრებზე გასაგრილებლად ჩააქვს.
ჭყონიას თქმით, მისი კომპანიების შენატანები ბიუჯეტში საუკეთესო პასუხია ასეთ განცხადებებზე.
„McDonalds Georgia-ს და Coca-cola Bottlers Georgia-ს კომპანიების განვითარების პოტენციალი განუსაზღვრელია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი იძახის, რომ მე ცივი კოკა-კოლა უნდა ჩავიტანო სადღაც… ამას ყურადღებას არ ვაქცევ, ცოტა დაბალი დონის შეფასებაა, მაგრამ რეალობა სხვაა…
ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეს, მე რა ვიშოვე, არამედ ის – რა შევიტანე ბიუჯეტში. ორივე კომპანიას შენატანი მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მინიმუმ 130 მლნ ლარი იქნება. ეს საუკეთესო პასუხია იმაზე, რომ ჩვენ ცივ კოკა-კოლას არ ვატარებთ, ჩვენ საქართველოს ეკონომიკას ვქმნით თავისი ახალგაზრდების დასაქმებით, პოტენციალის ამაღლებით, დამაგრებით, განვითარებით და ა.შ.“, – განაცხადა ბიზნესმენმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების წინანდალში შეკრებას გამოეხმაურა. ღუდუშაურმა შეხვედრაზე თემურ ჭყონიას შესაძლო დასწრებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
„თქვენ ვინც ვერ დაინახეთ, მათ უკან დგანან კეზერაშვილები და სხვები, თუმცა მათ უნარი არ აქვთ, ჩვენს ქვეყანას რაიმე გაუკეთონ. ვერ დაგეთანხმებით, რომ მიშა მშვილდაძე და თემურ ჭყონია არ არიან პოლიტიკოსები. თუ ზუსტ დეფინიციას მივყვებით, ეს შეიძლება, სადავო იყოს, მაგრამ რასაც აკეთებენ, ღიად და პირდაპირ პოლიტიკაში არიან ჩართული. კლასიკური გაგებით თუ პოლიტიკოსები არ არიან, ამაში დიდი სხვაობა არ არის. რა რჩევა უნდა მისცეს მიშა მშვილდაძემ? მისი პოზიციები ცნობილია. რაც შეეხება იქ ჭყონიას ყოფნას, ალბათ ცივი „კოკა-კოლა“ ჩაუტანა და ეს ადამიანები გააგრილა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
წყარო: BM.GE