მოქალაქეებს სოციალურ ქსელში მისდით ტექსტი, რომლის თანახმად გარკვეული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ, პრევენციისთვის მიმდინარე სამუშაოების მიმართ საზოგადოების განწყობა ნეგატიური იყოს.
„მოსახლეობის საყურადღებოდ! ექიმები და პოლიციელები ყველასთან მივლენ.
უარი თქვით ვირუსის ნებისმიერ ტესტზე. თქვენი უფლებაა, უარის თქმა! ეს არ არის ტესტი, პირიქით – ინფეცირება !!! ეს არის მასონების პროგრამა – პლანეტის მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირება.
ექიმებსაც კი არ ეცოდინება რა დაინფიცირებული მასალაა ეს! შემდეგ ისინი აგიძულებენ გაიაროთ, განმეორებითი ტესტი და ის უკვე აჩვენებს ვირუსის არსებობას! ასე დადასტურდება თქვენს ორგანიზმში ვირუსი! სავალდებულო და იძულებითი გახდიან ვაქცინაცინას! ვაქცინაში არის, ნანო ჩიპი და ვირუსის ძლიერი მუტოჰენი! ეს კი უკვე ნელ სიკვდილს ნიშნავს!
დაგეგმილია, რომ ადამიანი მოკვდეს ნელა, ექვსი თვის განმევლობაში! პირველი რაც უნდა იცოდეთ!
ტესტები არის ნებაყოფლობითი ზომა!
ისინი დაჟინებით მოითხოვენ გაგიკეთონ ვაქცინა და პოლიციით დაგემუქრებიან, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს წინაშე უკვე იმყოება პოლიცია… მოითხოვენ პროტოკოლზე ხელმოწერას, რომ თქვენ უარს ამბობთ ვაქცინაციაზე და უნდა უთხრათ რომ საჩივარს შეიტანთ მათ იძულების შესახებ და მაშინვე გამოიძახებთ პოლიცია! ჩვეულებრივია, რომ ისინი, როცა თქვენ პოლიციას დაურეკავთ, სწრაფად გაგერიდებიან და თავს გაგანებებენ, რადგან ეს დაძალება არის უკანონო და მათ ეს ნამდვილად ეშინიათ!
სასწრაფოდ! ძვირფასო თანამემამულენო – დიდი თხოვნაა ყველას მიმართ , არავის არ გაუღოთ კარი, სანამ დასრულდება კარანტინი ვინც გინდა იყოს! არ მისცეთ უფლება გაგიკეთონ ვაქცინა! ამით თქვენ აწერთ თქვენს საკუთარ სასიკვდილო განაჩენზე ხელს! გააფრთხილეთ ყველა! გაფრთხილებული ნიშნავს – შეიარაღებულს! სიფრთხილეს თავი არ სტკივა“, – ვკითხულობთ მოსახლეობისთვის გაგზავნილ ტექსტში.
ცრუ შეტყობინების შინაარსს მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს, აცხადებენ ინფექციონისტები.
მათი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს და რომც არსებობდეს, ვაქცინის გაკეთება ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული და არანაირ იძულებას ადგილი არ ექნება.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აღნიშნულ შეტყობინებას ბოროტ ხუმრობად აფასებს.
“ქვეყანაში მდგომარეობა სერიოზულია, ამიტომ ასეთი ბოროტი ხუმრობები არ მგონია, რომ კარგ საქმეს ემსახურებოდეს. ეს არის აბსურდი. არავინ არაფერს ძალით არ გაუკეთებს. ჯერჯერობით მსოფლიოში არ შექმნილა ვაქცინა. მიმდინარეობს ამაზე მუშაობა. როდესაც შეიქმნება, ამას შესაბამისი ოფიციალური წყაროები გაახმოვანებენ. ყველა ის მოწოდება, რომ ვაქცინა არ გაიკეთონ ან ვიღაც მოვა და რაღაც ინექციებს გაუკეთებს, არის აბსურდი”, – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
შეგახსენებთ, 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო პანდემია გამოაცხადა.
სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსები ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ.
