LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია – რას ედავება მმართველი გუნდი ზურაბიშვილს და რა შანსები აქვს გამარჯვების

319
FORTUNA.GE (28)

15 მარტს 11:00 საათზე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

მოგვიანებით გაკეთდა განცხადება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

“ქართული ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

კონკრეტულად რას ედავება საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს?

◾️ „ქართული ოცნების“ შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უცხოეთის ქვეყნებში რამდენიმე ვიზიტის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე განხორციელება კონსტიტუციის დარღვევაა.

◾️ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება.

◾️„ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა.. ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროვა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია“, – აცხადებს „ოცნება“

◾️ მმართველ პარტიაში ეჭვობენ, რომ პრეზიდენტმა „კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია“.

◾️ „ქართული ოცნება“ ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილ ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი არაერთხელ განაცხადა.

მმართველი გუნდის განცხადებაში ასევე საუბარია პრეზიდენტის სხვა დარღვევებზეც, რომელმაც უხერხულობა შეუქმნა „ოცნებას“.

◾️ „ოცნების“ განცხადებაში ვკითხულობთ: უკანასკნელ პერიოდში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევის ორი უხეში პრეცედენტი დაფიქსირდა პარლამენტის მიმართაც:

  1. პრეზიდენტმა პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა.
  2. მოგვიანებით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. 

„ქართული ოცნების“ განცხადების შემდეგ პრემიერის  განმარტებაც მოვისმინეთ.

„როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. ვარაუდი მინდა გამოვთქვა, რომ იგი ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ალბათ ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება”. – თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ასევე განმარტა, რატომ ეთქვა პრეზიდენტს უარი საერთაშორისო ვიზიტებზე:

◾️„როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომია უკრაინაში, მიმაჩნდა, მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნდა და მიაჩნია დღესაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში“. – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია?

 

◾️„ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“  კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რომ უცხოეთში შეხვედრების გამო, ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია, რადგან ეს მისი კერძო ინიციატივა იყო, სადაც საუბრობდა არა სახელმწიფოს, არამედ მისი პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე.

ძაბირაძე ფიქრობს, რომ ზურაბიშვილს წარმატებული ვოიაჟი ჰქონდა.

დღესვე განცხადება გაავრცელა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ .

◾️ IDFI-ს განცხადებაში ვკითხულობთ: „გაჟღერებული ბრალდებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს“.

◾️ განცხადებაში ასევე არის განმარტება, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი ვერ დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ვერ ისარგებლებს ხმის უფლებით საერთაშორისო ორგანოებში, თუმცა, მას როგორც სახელმწიფო მეთაურს არ ეკრძალება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების გამოხატვა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით არაფორმალური ვიზიტის ფარგლებში.

მოგვიანებით განცხადება გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

◾️ მდინარაძე განმარტავს: „მმართველ გუნდს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი არ ექნება, თუმცა იძულებული არიან პრეზიდენტს „კარგად განუმარტონ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმების შესახებ“.

რადიო „ფორტუნა“ ნანუკა ყურაშვილს “საია”-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის  დირექტორს ესაუბრა.

“საია”-ს მოსაზრებით, პოლიტსაბჭოს განცხადებაში 2 მნიშვნელოვანი საკითხია დაყენებული.

  1. მთავრობის სურვილისა და თანხმობის გარეშე პრეზიდენტის გამგზავრება ოფიციალურ შეხვედრებზე.
  2. მეორე საკითხია –  მის მიერ ელჩების დანიშვნაზე უარი. რაც „ოცნების“ თქმით, საკმაოდ ხშირად მოხდა.

პირველ საკითხზე რომ ვისაუბროთ, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ნაწილი არის პოლიტიკური. სალომე ზურაბიშვილს შეიძლებოდა მიეღო თანხმობა, ოფიციალურ შეხვედრებზე გამგზავრებაზე. მისი პოლიტიკური წვლილი იმდენად დიდი იყო საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებაში, რომ ამის გამო პოლიტიკური იმპიჩმენტი რომ სდომოდათ, ისედაც დაიწყებდნენ, ეს ამ შემთხვევაში პოლიტიკურ განცხადებას ჰგავს, ვიდრე რაიმე სამოქმედო გეგმას.

რაც შეეხება ელჩებთან დაკავშირებულ საკითხს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პირდაპირი ჩანაწერი, კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტი ნიშნავს ან ათავისუფლებს ელჩებს.

ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ შემდგომ კონტრაქტიზაცია ხდება პრემიერ-მინისტრის მიერ ამ გადაწყვეტილების.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეს არის კონსტიტუციური პრაქტიკით დადგენილი. პრეზიდენტს აქვს უფლება, გაათავისუფლოს, ან დანიშნოს კონკრეტული ელჩი.

რაც მმართველ პარტიას ამ შემთხვევაში უნდა, რომ გაასაჩივროს,  საკონსტიტუციო სასამართლოში, იქნება ნორმატიული აქტი, რომელიც ამაზე საუბრობს და შემდეგ განმარტება მოსთხოვონ  სასამართლოს პრეზიდენტს აქვს თუ არა დისკრეცია დანიშნოს თუ არა ელჩები, თუ ეს მხოლოდ ფორმალური თანხმობაა.

შემდეგ უკვე თვითონ სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს“. – ამბობს ყურაშვილი „ფორტუნასთან“.

 

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა, კონსტიტუციის დარღვევა, რამდენად მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს.

 

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მმართველ გუნდს ამჯერად არაფერში სჭირდება. მათ იმპიჩმენტის დაწყება რომ სდომოდათ, დაიწყებდნენ და მათ ამისთვის არ სჭირდებათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, დაირღვა თუ არა კონსტიტუცია.

მათ შეეძლოთ, ამ მოთხოვნითვე შეეტანათ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ  ერთპიროვნულად, პრეზიდენტის იმპიჩმენტი შეძლოს“. – განმარტავს ყურაშვილი „ფორტუნასთან“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g