სუპერმოდელმა, ანოკ იაიმ საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის შესახებ. 28 წლის მოდელმა განაცხადა, რომ მას დაუდგინდა თანდაყოლილი ფილტვის დეფექტი, რომელიც, მისი თქმით, „ზედმეტად ტვირთავდა გულს და ნელ-ნელა ანადგურებდა ფილტვებს“.
„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც საავადმყოფოში გადაღებული ვიდეოებიც ერთვის, იაიმ აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ პრობლემას ჩუმად ებრძოდა. მისი თქმით, პროცესი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა, ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც ხანგრძლივი ხველა დაეწყო.
„ხველა გადაიზარდა გულმკერდის ტკივილში, სისხლიანი ხველის ეპიზოდებში და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებაშიც. ვფიქრობდი, რომ პრობლემას მუშაობით ან ფიზიკური დატვირთვით დავძლევდი, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ცხოვრება თავად გაჩერებს“, – განაცხადა მოდელმა.
ანოკ იაიმ აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდი ცდილობდა მუშაობა გაეგრძელებინა, პარალელურად კი სწორი ექიმისა და მკურნალობისთვის შესაფერისი დრო ეპოვა. თუმცა, მალევე გააცნობიერა, რომ „შესაფერისი დრო“ არ არსებობდა და მისი ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა.
მოდელის განცხადებით, მან ცოტა ხნის წინ წარმატებით ჩაიტარა „რობოტული ფილტვის“ ოპერაცია. ის მადლიერებას გამოხატავს მედიკოსების მიმართ, რომელთაც, მისი თქმით, მას „მეტი დრო აჩუქეს“.
ამერიკის ფილტვების ასოციაციის განმარტებით, „რობოტული გულმკერდის ქირურგია” წარმოადგენს მინიმალურად ინვაზიურ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ფილტვების გარკვეული დაავადებების, მათ შორის ფილტვის კიბოს ზოგიერთ შემთხვევაში. პროცედურა საშუალებას იძლევა ამოიკვეთოს დაზიანებული ფილტვის ქსოვილი და საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ლიმფური კვანძებიც.
ფოტო/ვიდეო: „უგვირგვინო დედოფალი“ – 26 წლის ეგვიპტელი მოდელი, Anok Yai მოდის ინდუსტრიას იპყრობს
ცნობისთვის, მოდელი 2022 წელს გამოცემამ Models.com „წლის მოდელად“ დაასახელა. აგრეთვე ის მეორე ფერადკანიანი მოდელია ნაომი კემპბელის შემდეგ, რომელმაც „პრადას“ ჩვენება გახსნა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გოგონას ლეგენდარული ტოპ- მოდელის ასლსაც უწოდებენ. ის არაერთ ცნობილ ბრენდთან და მოდის სახლთან თანამშრომლობს. მათ შორისაა: „ლუი ვიტონი“, „მიუგლერი“, „შანელი“, „ივ სენ ლორანი“, „ესტე ლაუდერი“ და სხვა…

