საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა. “ნახტომი” – როგორც ამას სპეციალისტები უწოდებენ, ქვეყანაში ვირუსის დადასტურების პირველი შემთხვევიდან თვენახევრის გასვლის შემდეგ, გასულ დღეებში დაფიქსირდა. შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა სამთავრობო დადგენილების ცვლილებები, რასაც არსებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრება მოჰყვა. პრემიერ მინისტრის მრჩეველი განმარტავს, რომ ქვეყანაში შიდა კლასტერის გაფართოვებაა და აცხადებს, რომ ეპიდემიის პიკისთვის უნდა მოვემზადოთ.
ამ დროისთვის მონაცემებით საქართველოში 306 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ახალი პაციენტებიდან 11 მოქალაქე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკასია მოთავსებული. ახალი პაციენტიდან კი რამდენიმე ექიმია. კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებისგან არც ექიმები არიან დაცულები, ამიტომ სოციალური დისტანცირება აუცილებელია.
„არც ექიმები არ ვართ დაცული ამ დაავადებისგან. ამიტომ იმისთვის, რომ გადავრჩეთ, დავრჩეთ სახლში, ვიყოთ სოციალურად დისტანცირებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გავხდეთ დესოციალიზირებულები, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა რატიანმა.
“ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასავლელად” – ირაკლი ჩიქოვანი
რატიანის თქმით, კლინიკაში მყოფ ორსულსა და მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია და იმედს გამოთქვამს, რომ რამდენიმე პაციენტს უახლოეს დღეებში გაწერს.
„იცით, რომ გვყავს ერთი ორსული, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ გადამოწმდეს პროტოკოლის მიხედვთ და გაეწეროს სახლში. სამი მოზარდის მდგომარეობაც სტაბილურია. იმედია, რამდენიმე დღეში გაეწერებიან სახლში“, – განაცხადა რატიანმა.
კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, ქვეყანაში დამატებითი აპარატურა შემოდის, თუმცა მისი თქმით, თუ მოქალაქეებმა ერთმანეთი არ დაიცვეს, ექიმები მდგომარეობას ვერ გაუმკლავდებიან. რატიანი მოსახლეობას წესების დაცვისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ “დროა ერთმანეთს დავცილდეთ.”
„მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას. დადგა დრო, რომ ერთმანეთს დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ. დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, მაგრამ ერთი გამონაკლისით, დესოციალიზაციის გარეშე. ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ ავუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ, დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით. შემოვიდა დამატებით ის აპარატურა, რომელიც გვჭირდება ქვეყანას, მაგრამ თუ არ დავიცავით ერთმანეთი, ჩვენც ვერ ავუვალთ გვერდს ამ ყველაფერს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.