21 ივნისს რუსთაველზე მიმდინარე აქციაში მონაწილეს პოლიციელები ფარეხის სახურავიდან არ აგდებენ და ის ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცეს,- ამის შესახებ განცხადებას შსს-ში აკეთებენ.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა, ამასთან, ის მონაწილეობას იღებდა მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტშიც, ხოლო სასამართლომ ის ათასი ლარით დააჯარიმა.
კადრები 21 ივნისს ნიკოლაძის ქუჩაზე თვითმხილველმა გადაიღო.
პოლიცია 21 ივნისს დაკავებულს ავტოფარეხიდან აგდებს – (ვიდეო)
“ერთ-ერთი მედიასაშუალებით დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რომ კადრებში ასახულია აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოქალაქე ნ.რ.-ს დაკავების ეპიზოდი.
კადრებში ნათლად ჩანს, რომ ავტოფარეხის სახურავზე მყოფი, მოქალაქე ნ.რ. არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ხდება მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რა დროსაც რამდენიმე სამართალდამცველი მას ავტოფარეხის სახურავიდან ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცემს.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქე ნ.რ., რომლის დაკავების კადრებსაც მედია საშუალება ავრცელებს, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებულ ვანდალიზმის აქტებში, მათ შორის მანქანის მტვრევის ეპიზოდშიც, რომელიც წინა დღეებში ფართოთ იქნა გაშუქებული სხვადასხვა მედიის მიერ.
დაკავებული აქციის მონაწილე ნ.რ.-მ, მოგვიანებით სასამართლო დარბაზში აღიარა ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომა და საჯარო ბოდიში მოიხადა. სასამართლომ მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა,”- აღნიშნავენ შსს-ში.
რ2-ის ცნობით, სამართალდამცავებმა დაკავებული სახურავიდან ძირს გადმოაგდეს. ტელეკომპანია იუწყება, რომ კადრები მათ თვითმხილველმა მიაწოდა.
