გიორგი შაქარაშვილის ბიძა ადასტურებს, რომ უმთავრესი ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს, არის განზრახ მკვლელობა.
„ბლაგვი საგანი, შეიძლება, ცემის დროსაც იყო გამოყენებული. მათ შორის, შეიძლება, მუშტსაც ერქვას ბლაქვი საგანი, შეიძლება – ხის ძელს და ა.შ. კომპლექსურად უნდა გაირკვეს ყველაფერი.
აქ ერთ კითხვაზე რომ პასუხი გასცე, მაგალითად, ბავშვი წყალშია დამხრჩვალი თუ არა, ეს რას სცემს პასუხს? საერთოდ არაფერს.
თუ წყალშია დამხრჩვალი, შეიძლება, ვიღაცამ ჩაიყვანა და დაახრჩო. რამის გამორიცხვა შეიძლება ამით? არაფერი ამით არ ხდება.
დახრჩობის ფაქტთან დაკავშირებით, რა დასკვნაც არ უნდა მოვიდეს, ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად, ძალაში რჩება განზრახ მკვლელობა. ვინ თქვა, რა ილუზიებს ქმნიან, რა ლეგენდებს ყვებიან, თითქოს განზრახ მკვლელობა გამორიცხულია და საერთოდ ამოიწურა ამაზე საუბარი? პირიქით, პირველი ვერსიაა ეგ და შემდეგ მოდის სხვა ვერსიები“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
სავარაუდოდ, ვინც მისდევდნენ, ისინი დაეწივნენ, სცემეს და გადააგდეს წყალში - შაქარაშვილის ბიძა
"გიორგი არის ნაცემი და გადაგდებული წყალში"
19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
უწყება აცხადებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ საქმეს შესაბამისი შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.