ვენესუელაში მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 700-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგესის მიერ დასახელებული პირველი ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 32 ადამიანი და 700-მდე დაშავდა.
„ათობით შენობა ჩამოინგრა და ამჟამად ძალიან ინტენსიურ სამაშველო სამუშაოებს ვახორციელებთ, რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – განაცხადა როდრიგესმა.
აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) მანამდე გამოთვალა, რომ არსებობს 44%-იანი შანსი, მსხვერპლთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბოს, ხოლო 30%-იანი შანსით, დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 100 000-საც კი მიაღწიოს.
პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.2 მაგნიტუდას შეადგენდა, ხოლო მეორე ბიძგი, რომელიც სულ რაღაც ერთ წუთზე ნაკლებ დროში დაფიქსირდა, კიდევ უფრო ძლიერი – 7.5 მაგნიტუდის იყო.
როგორც BBC-ი წერს, მიწისძვრის მომენტში ვენესუელაში ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. სტიქია ადგილობრივი დროით 18:04 საათზე მოხდა, რის გამოც მოქალაქეების უმრავლესობა სახლში იმყოფებოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
