გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული „მთავარი არხის” ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებს.
პროკურორ ნათია ნოზაძის განცხადებით, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ გირაოს შეფარდების მოთხოვნა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლით აღიძრა – „მთავარი არხი“ ტელეწამყვანთან თანამშრომლობას წყვეტს
„სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან პირველ რიგში, მოწმეებზე, მათ შორის, დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან გამომდინარე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე,” – განაცხადა ნათია ნოზაძემ.
მისივე თქმით, დაზარალებულს დაზიანებებთან დაკავშირებით შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
„დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის დაზიანება, რაც შესაძლოა დაზარალებულს სხეულზე ჰქონდეს, იქნება ეს მოტეხილობა, სილურჯე თუ ა.შ.“ – აღნიშნა პროკურორმა.
ნათია ნოზაძის თქმით, დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა.
შეკითხვაზე, დევს თუ არა საქმეში ფოტომასალა, რომელიც ლაშა ნაკაიძემ დაზარალებულის დედას გაუგზავნა? – პროკურორმა განაცხადა, რომ „საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები და ა.შ. მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება ხდება, მათ შორის იქნება ეს ფოტომასალა თუ ა.შ.”
ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს – მოსამართლემ სხდომა დახურა
შეგახსენებთ, “მთავარი არხის” ყოფილ წამყვანს, ლაშა ნაკაიძეს, რომელსაც ბრალი გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს ჩაინიშნა.