კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სპეციალისტები ამბობენ, რომ ცუდ ძილს ბევრი დაავადების გამოწვევა ან გაუარესება შეუძლია – გულის დაავადების, დემენციის, სხვადასხვა ინფექციების, კიბოს და სიმსუქნის. ძილის უკმარისობის გამო ადამიანებს გადაწყვეტილების მიღება, კონცენტრაცია და ემოციების კონტროლი უჭირთ.
ძილის დარღვევის დანიური ცენტრის ინფორმაციით, ეს პრობლემა დანიელთა ნახევარზე მეტს მაინც აწუხებს, წერს medicine.umich-ი.
სწორედ ამიტომ, დაიგეგმა კურსები სადაც მონაწილეებს ძილის რეჟიმის მოწესრიგებას ასწავლიან. მაგალითად, ურჩევენ ერთსა და იმავე დროს დაწოლას და ადგომას, არ ურჩევენ დღისით ძილს, ღამით ოთახში 18-21 გრადუსამდე ტემპერატურის შენარჩუნების რეკომენდაციას აძლევენ და ასევე ურჩევენ იმასაც, რომ ძილის წინ რთულ თემებზე არ იმუშაონ და არც იფიქრონ.
თავიდან კურსის ჩატარება მხოლოდ ერთხელ იგეგმებოდა, თუმცა დიდი ინტერესის გამო მისი რეგულარულად ჩატარება გადაწყდა.