“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან გამართულ შეხვედრაზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას და “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლების თაობაზე ისაუბრეს.
მისი განცხადებით, შეხვედრზე ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და ამ კრიზისიდან გამოსავლის გზებზეც იმსჯელეს.
„ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად ღრმა კრიზისშია ქვეყანა და მათ აინტერესებდათ თუ რა შეიძლება იყოს ამ კრიზისიდან გამოსავალი. ჩვენ რა თქმა უნდა, დავაფიქსირეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა, ასევე ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომპრომისული შეთანხმება შედგეს მხარეებს შორის.
ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანა არის მელიას და რურუას გათავისუფლება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ვსაუბრობდით ამ საქმეების დეტალებზე და ეს ინფორმაცია მივაწოდეთ, მაგრამ ასევე ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩვენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები, გვჭირდება დემოკრატიული რეფორმები და ასევე იმან, რომ ძალაუფლება ფაქტობრივად არის კონცენტრირებული ერთი პარტიის ხელში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლების განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან.
ვსაუბრობდით იმაზე, რაც ეწერა ჩვენს განცხადებაში, რომ მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი თანამდებობების არჩევის წესი შეიცვალოს, სადაც ოპოზიციის როლი მნიშვნელოვანი იქნება, სადაც იქნებიან ნეიტრალური ადამიანები და ნეიტრალური ფიგურები, რომლებიც კანონის და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ მათ შორის, მაშინ როცა ასეთი კრიზისები იქნება, ასევე რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით სასამართლოს რეფორმაზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს, რომელიც უნდა იყოს საფუძვლიანი და მიმართული იმისკენ, რომ ნამდვილად შეიცვალოს სასამართლო და დამოუკიდებელი გახდეს. ასევე ვსაუბრობდით საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც უნდა გატარდეს, ჩვენთან მოდის ადგილობრივი არჩევნები და შესაბამისად, ჩვენ სისტემა უნდა გავმართოთ იმისთვის, რომ ადგილობრივი არჩევნები კარგად ჩატარდეს“, – განაცხადა გიგაურმა.
