უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ „თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებულები იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს მათ აუცილებლად დაეხმარება“, პოლიტოლოგი გია ნოდია ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ დანილოვის განცხადება არაპოლიტკორექტულია, არაჭკვიანურია. გია ნოდიას თქმით, გასაგებია დანილოვის სურვილი, რომ რუსეთს სხვა ფრონტებზეც უწევდეს ომი.
„ჩვენ რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ და სამართლიანად აღფრთოვანებული ვართ მისი ხალხის გმირობით, სიმამაცით, ერთიანობით, ისევე როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობით, იმას კი არ ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლება ზეადამიანებისგან შედგება და მათ არაფერი ეშლებათ. ამ ომამდეც ვიცოდით, რომ უკრაინას, როგორც სახელმწიფოს და საზოგადოებას უამრავი პრობლემა ჰქონდა და მომავალშიც ექნება. ამ კაცის, დანილოვის, ეს განცხადება საქართველოს და მოლდოვის მისამართით პოლიტიკურად ნამდვილად არაკორექტული და არაჭკვიანურია. თუმცა, ომში მყოფი ქვეყნის ვითარებიდან გამომდინარე, გასაგებია მისი სურვილი, რუსეთს სხვა ფრონტებზეც უწევდეს ომი.
ჩვენი მხრიდან, დღევანდელ ვითარებაში, ყველაზე სწორია, ასეთ განცხადებას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ, მით უმეტეს, რომ მას ოფიციალური ხასიათი არა აქვს. კი ბატონო, სადმე ვინმემ დატვიტოს, ეს საკმარისია. პრობლემა ისაა, რომ სახელისუფლებო პროპაგანდისტები ჩაეჭიდნენ ამ ეპიზოდს: აი ხომ ვამბობდით, რომ „ნაციონალები“ (რომლებიც უკრაინაში ხელისუფლებაში არიან და აქ – ოპოზიციაში) „ომის პარტიაა“, ანუ არსებობს ერთიანი უკრაინულ-ქართული შეთქმულება, რომ ომში ჩაგვითრონ. აქამდე ამ ბრალდებას ჰაერზე ისროდნენ, ახლა ვითომ „საბუთი“ გაუჩნდათ. მაგრამ, ცხადია, ეს არაფრის საბუთი არ არის.
ცალკეული ადამიანები ყოველგვარი დანილოვის გარეშეც ამბობდნენ, რომ ახლა კარგი მომენტია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „შევვარდეთ“ და დავიბრუნოთ. მაგრამ არ გამიგია, რომ ასეთ არცთუ ბრძნულ იდეას რომელიმე პოლიტიკური პარტია ან ოდნავ მაინც სერიოზული ჯგუფი აჰყოლოდა. ასე რომ, ლაპარაკი „ომის პარტიაზე“ სისულელედ რჩება. დანილოვის განცხადების ფრიალი ქოც-პროპაგანდისტების მხრიდან მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ რეალურად მოსაჭიდებელი არაფერი აქვთ“, – წერს გია ნოდია.