“დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის, ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი, რომელიც იწვევს დაავადებას კოვიდ-19-ს.” – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ მას კოვიდ-19-ის გარდა დაპირისპირება არავისთან აქვს.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბუნებრივია, დისკუსია და განხილვა არის, თუმცა მასსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის, არანაირი დაპირისპირება არ არის:
“დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის, ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი, რომელიც იწვევს დაავადებას კოვიდ-19-ს. აი ეს დაპირისპირება არსებობს, რომელსაც მე ვებრძვი უკვე წელიწადი და ერთი თვეა. ხან მე ვჯობნი მას და ვჯაბნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, შემდეგ მან დამჯაბნა, სექტემბრის მეორე ნახევრიდან.
შემდეგ დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისევ დაიწყო ჩემი ამ ბრძოლაში უპირატესობა და დღეს, ჯერჯერობით, ისევ მე ვჯობნი. ვნახოთ როგორ დამთავდება საბოლოოდ ეს ბრძოლა.
არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას.” – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, არ იცის სად განიხილებოდა მისი გადადგომის საკითხი და ჟურნალისტებს მიმართა, რომ თუ ძალიან უნდათ მისი გადადგომა, დაუსახელონ სხვა კანდიდატი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ თქვა, რომ დირექტორის პოსტიდან ამირან გამყრელიძის გადაყენება უკვე ერთი კვირაა განიხილება. თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია უარყვეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
