„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციას შეასრულებს, რადგან მისივე თქმით, მმართველ გუნდს ამის პოლიტიკური ნება არ გააჩნია.
ამასთან, ჯაფარიძის განცხადებით, დღეს ოპოზიციური სპექტრი დაქსაქსულია, ამიტომ, კონსოლიდაციაა აუცილებელი. მისი მოსაზრებით, კონსოლიდაციის მიზანი უნდა იყოს ხელისუფლების იძულება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტი შეასრულოს.
ერთადერთი პოლიტიკური ნება, რომელიც „ქართულ ოცნებას” აქვს, არის ის, რომ ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამას ხედავენ მათ შორის დასავლეთში, ბრიუსელში, რეზოლუციაში რაც წერია, ესეც ამის გამოხატულებაა. კონსოლიდაცია პირველ რიგში, რესურსების კონსოლიდაციას ნიშნავს, ასევე კოორდინაციას, კომუნიკაციას და ასე შემდეგ. აქეთა ფლანგზე ახლა დანაწევრებულია ოპოზიციური ფლანგი, საზოგადოებაში არის ინტელექტუალური რესურსების მქონე უამრავი ადამიანი, რომელიც ამ პროცესებს გამოთიშულია. დაქსაქსულები ვართ, გვაქვს განსხვავებული მესიჯები, ერთმანეთთან კონკურენციაში ვართ.
საბოლოოდ, ეს ყველაფერი საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ ჩვენ დაპირისპირებაში ვართ. ცნობილი ფრაზა “ამათ მერე რა უნდა გააკეთონ, ახლა ჭამენ ერთმანეთს”, ეს განცდა მოსაკლავია. ჩვენ, “გირჩი-მეტი თავისუფლებას”, “დროას” და “სტრატეგია აღმაშენებელს” გვაერთიანებს ის, რომ ძალიან მკვეთრად დგას გასაკეთებელი არჩევანი-ერთ მხარეს არის დასავლეთი და მეორე მხარეს არის რუსულ ჭაობში დარჩენა. ივანიშვილი წირავს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს პირადი ძალაუფლების გამო.
ამიტომ, თუ ასეთი არჩევანია-ევროპა თუ რუსეთი, მგონი, გასაგები უნდა იყოს, საით უნდა დადგე, ამას ნიშნავს კონსოლიდაცია, რომ ყველა გავერთიანდეთ საერთო მიზნის გარშემო მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენს შორის ბევრი განსხვავება იყოს”,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები “დროა”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “გირჩი-მეტი თავისუფლება” აცხადებენ, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით წინსვლა არ აქვს.
შეგახსენებთ, გუშინ, 8 ნოემბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი დაამტკიცეს. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე.
პაპუაშვილი: ევროპარლამენტი არაა ის სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს საქართველოს წინსვლას