პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით უფრო მნიშვნელოვანი ევროკომისიის შეფასებებია, ვიდრე ევროპარლამენტარების.
აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილმა განცხადება ტოკიოში ვიზიტისას გააკეთა და თქვა, რომ ევროპარლამენტი არ არის ის სტრუქტურა, რომელიც საქართველოს წინსვლას შეაფასებს.
„ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, როდესაც რამდენიმე დაინტერესებული ჯგუფის მხრიდან პირდაპირ პარტიული პოლიტიკის გატარება ხდება.. აქ მთავარი არის ერთი რამე და ეს დასტური ჩვენ გვაქვს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან – ევროპარლამენტი არ არის ის სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს საქართველოს წინსვლას, ვინც შეაფასებს საქართველოს, ეს არის ევროკომისია.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების ტექსტში ევროპარლამენტარების ნაწილმა შესწორებები მოამზადა, რომელიც შეეხება საქართველოში მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.