ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. ტექსტში რამდენიმე ცვლილებაა შესული. კერძოდ, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის“.
„კომიტეტი მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლოს ეს ცნობები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ. თუ ეს ცნობები დადასტურდა, მოუწოდებს მისი და მისი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ“, – აღნიშნულია ტექსტში.
ამასთან, ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა.
„ხაზს უსვამს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას საქართველოს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა მოგვარდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“, – აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.
ამასთან, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის მიერ მომზადებული ცვლილება მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.
„კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და კონტროლის დონეს, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ; მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, – აღნიშნულია ტექსტში.
დოკუმენტში მოსალოდნელ ცვლილებებს თბილისში აფასებენ. დეპუტატ თეონა აქუბარდიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობა ევროპარლამენტის მიერ უკვე აღიარებულია.
“ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობა უკვე არის აღიარებული ევროპარლამენტის მიერ, ისევე როგორც ნიკა გვარამიასთან მიმართებაში, ასევე ზოგადად მედიათავისუფლების ნაწილში, რომელიც არის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი. ვურჩევდი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომ არ გამოიყენოს ამ შესწორებების ჩანაწერები კიდევ ერთხელ დასავლეთის წინააღმდეგ” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გია ვოლკსის განცხადებით, პირდაპირი შეტევა ხორციელდება ბიძინა ივანიშვილზე და ეს მისივე თქმით, მოულოდნელი არც იყო.
“პარლამენტართა ერთმა ჯგუფმა შეიტანა წინადადებები შესწორებებთან დაკავშირებით, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ვთქვათ ბიუჯეტის ქურდი არის მედიამენეჯერი, რომ მეცენატი არის ოლიგარქი და რომ პოლიტიკური პატიმარია სააკაშვილი. პირდაპირ შეტევა ხორციელდება ბიძინა ივანიშვილზე,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.