LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშში მომზადებული ცვლილებებით, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას  სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ, ხოლო გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებენ 

84
გვარამია და სააკაშვილი

„ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი სათანადო მკურნალობით, რაც მის სიცოცხლესთან დაკავშირებით შიშს იწვევს, მოუწოდებს კომისიას, კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად მიიღოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება“, – აღნიშნულის თაობაზე საქართველოს მიერ ევროკავშირის აასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების ტექსტშია ნათქვამი.

ამავე ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ცვლილების ტექსტის ავტორი, ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკია.

„კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ჰუმანიტარული ნიშნით, რათა ის უზრუნველყოფილ იქნეს საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობით“, – ნათქვამია ცვლილების ტექსტში.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ასევე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეტანილ ტექსტშია მითითებული, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს.

„მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუშვას მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება“, – აღნიშნულია ტექსტში.

ევროპარლამენტარების – ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს.

„მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მან საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა გაიაროს“, – აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.

ევროპარლამენტარები: გამოვხატავთ შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. ტექსტში რამდენიმე ცვლილებაა შესული.

ევროპარლამენტარების, ანა ფოტიგას, იაცეკ სარიუშ-ვოლსკისა და ასიტა კანკოს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში კი აღნიშნულია:

„[კომიტეტი] კვლავ შეშფოთებულია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო; სთხოვს ევროკავშირის ლიდერებს და ევროკავშირის ამჟამინდელ და მომავალ თავმჯდომარე ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რათა სრულად დაიცვან სააკაშვილის უფლებები და ღირსება;

საქართველოს მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე; მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად; წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ევროკავშირის პოლიტიკოსებს დაკავებული ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მონახულებაზე.“

გარდა ამისა, ამავე ცვლილებების ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებს.

ცვლილების ტექსტში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და საბუთების გაყალბების საეჭვო ბრალდებით 3 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი.

12 ევროპარლამენტარი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს, რომელთან დაკავშირებითაც რამდენიმე ევროპარლამენტარმა ცვლილებები მოამზადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g