LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქსტატის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

115
გოგიტა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.

ანგარიში დეპუტატებს სამსახურის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ წარუდგინა.

დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას სტატისტიკის სამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ, საანგარიშო წლის ბიუჯეტს, რომელშიც თავის მხრივ ასახულია ხარჯების კლასიფიკაცია, ბიუჯეტის შესრულების მონაცემები, სტატისტიკური სამუშაოების დაგეგმვისა და მართვის ბიუჯეტი, საქსტატის მიერ 2022 წელს მიღებული მიზნობრივი დაფინანსება (გრანტები) და ტექნიკური დახმარება, ასევე, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და ხარჯები.

გოგიტა თოდრაძის თქმით, სიახლეები დაინერგა მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, სტატისტიკის არეალის გაფართოების და სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც მედიასთან ინტენსიურ თანამშრომლობას, მომხმარებლებთან აქტიურ დიალოგს, მათი მოთხოვნების და საჭიროებების შესწავლა-გაანალიზებას გულისხმობს.

2022 წელს საქსტატმა მომხმარებლებს რამდენიმე ახალი ინტერაქტიური ვებპორტალი შესთავაზა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) პორტალი და ეკონომიკური ანალიზის პორტალი. საქსტატის ვებგვერდზე განთავსდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკის პორტალიც, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სწრაფად და ადვილად მოიძიონ სანდო სტატისტიკური მონაცემები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ და გააანალიზონ ისინი ასაკობრივ, რეგიონულ და სხვადასხვა ჭრილში.

ანგარიშის თანახმად, საქსტატი 2022 წლის განმავლობაში აქტიურად განაგრძობდა გენდერული სტატისტიკის პორტალის განვითარებას და სრულყოფას. ასევე, გასულ წელს უწყებამ ფასთა ინდექსაციის კალკულატორი შეიმუშავა, რომლის მიზანია ფასთა ინდექსაციით მოსარგებლე სამშენებლო კომპანიებისთვის მარტივი პროცედურის შეთავაზება.

ანგარიშში წარმოდგენილია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტებიც.

კომიტეტმა ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.