LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ლონდარიძისა და ნათია დევდარიანის უსაყვარლესი ქალიშვილი მშობლების სიმღერებს იმახსოვრებს: „ძალიან გვინდა, კახეთში სახლი ავაშენოთ, სადაც ჩვენს მეგობრებს მუსიკალურ საღამოებზე შევკრებთ ხოლმე…“

713
ნათია-დევდარიანი

ნათია დევდარიანისა და დათო ლონდარიძის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და დიდი სიმპათიით სარგებლობს. ნათიამ და დათომ ერთმანეთი მუსიკის საშუალებით იპოვეს და მათი ერთობლივი შემოქმედება მუდამ სასიამოვნო მოსასმენია. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს, მართა, ანუ მათათო, რომელიც დედ-მამასთან ერთად „ფორტუნას“ ფოტოობიექტივში აღმოჩნდა.

პოპულარულ წყვილს რესტორან „ეთნოსის“ მშვენიერ გარემოში შევხვდით. Fortuna.ge-ს ნათია ესაუბრა ოჯახური ცხოვრების, სიყვარულისა და ქალიშვილის შესახებ.

ნათია:

მართა არის, გაგიკვირდებათ და ძალიან მუსიკალური…

ძალიან გაგვიკვირდა…

(იცინის) სახლში რაღაცას რომ ვარჩევთ მე და დათო, მოვა, შემოგვციცინებს, იმახსოვრებს ჰარმონიებს. მერე მანქანაში ვიგებთ, რომ დაიმახსოვრა და ღიღინებს გაოცებულები ვუყურებთ. ზნეკეთილიცაა და ნიჭიერიც. „დედა გენაცვალოს“ დამემართა ახლა (იცინის).

მათათოს ისეთი გარეგნობა აქვს, რომელსაც მუდმივად არჩევს თქვენი სამეგობრო. ჩამოყალიბდით, ვის ჰგავს?

ფერებით მე მგავს, მაგრამ ზოგადად მაინც უფრო დათოს ჰგავს და დათოს ძმებს. უცნაური თვალის ფერი აქვს.

რამხელაა მართა?

ორი წლისა და შვიდი თვისაა.

ხასიათით როგორი გოგოა?

ძალიან მტკიცე ხასიათი აქვს. ჭუჭყუნა და ძნელად აღსაზრდელი არაა. დიდივით უნდა ესაუბრო. ენის მოჩლექით საუბარი არ უყვარს. არც საჭმლის დაძალება მოსწონს. მთლიანობაში, რთული ბავშვი არ არის.

ვინაიდან თქვენ ტელევიზიაშიც მუშაობთ და მუდმივად კონცერტები გაქვთ, ვინმე თუ გეხმარებათ მის მოვლაში?

ჩვენ გვეხმარება ჩემი დედამთილი ლამარა და ძიძა – აზა. ლამარამ სამი თვის მერე რომ გადაიწვინა თავის საძინებელში, მას მერე იქ ჰყავს. უმეტესად, მათათოსთან ერთად გვიწევს პარასკევის, შაბათისა და კვირის გატარება, როცა დედაჩემთან მივდივართ. იქ სულ ბავშვების დიდი ჟრიამულია…

რადგან მართას მშობლები მუსიკოსები ხართ, გსურთ, რომ ისიც მომღერალი გამოვიდეს?

არ მაქვს ასეთი ჩანაფიქრი. ერთადერთი, რაც ძალიან მინდა, ისაა, რომ კლავიშზე უკრავდეს. არ იქნებოდა ურიგო, რომ ასე იყოს, მაგრამ მას რაც მოუნდება და ორგანული რაც იქნება, უმჯობესია, ის აკეთოს.

როგორია ორი მუსიკოსი ერთ ოჯახში ცხოვრება და თანაარსებობა?

ყველაზე კომფორტულია. ამას წინათაც ვამბობდი, როცა ერთ სფეროში არიან ადამიანები და ერთ სივრცეში, რა თქმა უნდა, ცოტა დამღლელია, მაგრამ ძალიან ბევრი კარგი რამ ახლავს ჩვენს საქმიანობას. ხუმრობით თუ მივუდგებით, საეჭვიანო არაფერია, რადგან სულ მეუღლესთან ერთად ხარ. დათოსთან ერთად ცხოვრება საინტერესოა, ერთი დღეც არ გვაქვს ერთნაირი. სულ მრავალფეროვნებაში ვართ.

მინახავს, როგორ შესციცინებთ ერთმანეთს თვალებში…

ჯერ მუსიკით მოხდა ჩვენი დაკავშირება და მერე იყო დანარჩენი ყველაფერი. რაღაც კომპოზიცია გამომიზაგვნა, მოვუსმინე და გავუგზავნე საპასუხოდ სხვა კომპოზიცია, სადაც დომინანტი გიტარა იყო… ძალიან მოეწონა. ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, შევხვდით. დაიწყო „არტ გენი“, სადაც ჩვენი მეგობრები გამოდიოდნენ, მერე ერთად ვიმღერეთ…

აღნიშნე, რომ მუსიკოსი ცოლ-ქმარი ერთად კომფორტულად ცხოვრობს, მაგრამ სირთულეები არ ახლავს თანაცხოვრებას?

ძალიან მინიმალურს გეტყვი. რადგან დათო ინსტრუმენტალისტია და მე- ვოკალისტი, ზოგჯერ ძალიან შედის ხოლმე ღრმად თავის ნაწილში, აღარ იცის დამთავრება, სულ ვეუბნები, ცოტა შევამოკლოთ-მეთქი ინსტრუმენტის ნაწილი, რადგან ასე უმჯობესად მივიჩნევ. მასაც აქვს შესწორებები, ეს ფრაზა უფრო უმჯობესია, ასე უფრო გიჟღერს ხმაო. ზოგჯერ ვკინკლაობთ და ვკამათობთ. როცა ოთახში შევდივარ გაბუსხული, ცოტა ხანში შემოდის და ვრიგდებით…

როგორ ჩანს, ძირითადად, მუსიკაზე კამათობთ.

დედა რაჭველი მყავს, დაგვიანება ვიცოდი ხოლმე, რაც დათოს აგიჟებდა, არ მოსწონდა და შენიშვნას მეუბნებოდა, მე კი უსიტყვოდ ვიღებდი…  

ორივე თქვენგანი პოპულარულია და სცენაზე დგახართ. საეჭვიანო არასდროს გქონიათ?

როგორ არა? ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. თუ არ გადარდებს ვინმე, მასთან ერთად არ უნდა იყო. როცა წარმატებულია, ამდენი მანდილოსანი შესციცინებს, ბუნებრივი აქტივობებია, მაგრამ ძალიან დიდი ნდობა გვაქვს ერთმანეთის. მწყენია რაღაცები, როგორ არ ყოფილა, მერე უსაყვედურია და შემრცხვენია. დათო ჩემთან ძალიან მართალია, ვაფასებ და უფრო და უფრო მიყვარს კიდევ ბევრი კარგი თვისების გამო. რაც ერთად ვართ, ხუთი წელი, არ მახსენდება, მარტო მიეღოს გადაწყვეტილება. სულ ყველაფერს ჩემთან განიხილავს. მარტო არაფერს გააკეთებს. რაღაცას თუ აკეთებს, აუცილებლად ჩამრთავს. საჭმელსაც არ შეჭამს მარტო. არაერთხელ უთქვამს, ყველაზე კარგი თანამგზავრი შენ ხარ ჩემიო. ჩვენ ძალიან დიდი მეგობრები ვართ. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ყველაზე ბოლოს ვართ ცოლ-ქმარი, იმდენად კომფორტულად ვგრძნობთ ერთად თავს, ერთი დღეც არ მინდა დათოს გარეშე.

წლების შემდეგ როგორ წარმოგვიგენია თქვენი თავი?

შქმერში დედაჩემმა გვაჩუქა ნაკვეთი. კახეთიც ძალიან გვიყვარს. დათო ბოლო დროს ხშირად საუბრობს იმაზე, რომ რაჭაში უნდა კოტეჯი ააშენოს და ასევე კახეთში – სახლი, სადაც ჩვენს მეგობრებს მუსიკალურ საღამოებზე შევკრებთ…

თქვენს სახლში ძალიან დიდი მხიარულება იქნება ალბათ…

აუცილებლად დაგპატიჟებთ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

mazda magti 5g