LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ოქიტაშვილი: „შუფუტინსკის კონცერტი მე რომ მომეწყო, აუცილებლად ჩაშლიდნენ…“

51

16 აგვისტოს ბათუმში, ჩოგბურთის კორტებზე რუსი შემსრულებლის, მიხაილ შუფუტინკის სოლოკონცერტი გაიმართა, რომელსაც, ორგანიზატორების განცხადებით, 3000-მდე ადამიანი დაესწრო. მანამდე და კონცერტის შემდეგაც სოციალურ ქსელში შუფუტინსკის ბათუმში მიწვევას საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა, იყო უარყოფითი კომენტარებიც.

სანამ ორგანიზატორების ვინაობა გამჟღავნდებოდა, მანამდე ბევრს ეგონა, რომ რუსი მომღერლის ბათუმური ვოიაჟი დათო ოქიტაშვილმა დაგეგმა. მას მოსაზრების გამოთქმა ვთხოვეთ.

დათო ოქიტაშვილი:

კარგია, რომ კომენტარი მთხოვეთ. ბევრს ეგონა, რომ მიხაილ შუფუტინსკის კონცერტის ორგანიზატორი მე ვიყავი და დაიწყეს ლანძღვა. მე რომ შუფუტინსკი ჩამომეყვანა, დარწმუნებული ვარ, კონცერტის ჩაშლას მოითხოვდნენ. მგონი, ზოგს გულიც დასწყდა, რომ ეს ღონისძიება არ იყო დათო ოქიტაშვილის ორგანიზებული (იღიმის).

საკმაოდ ბევრი სხვადასხვა საკონცერტო კომპანია გამოჩნდა, ყველას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ერთ რჩევას მივცემ – არ ჩამოიყვანონ შემსრულებლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემენ. პირადად მე არასდროს მოვიწვევ ანჟელიკა ვარუმსა და ლეონიდ აგუტინს, ვინაიდან მათ კონცერტი. აფხაზეთში გამართეს მე, როგორც იცით, უკრაინის მოვლენების გამო, ბეზრუკოვის საღამო გავაუქმე და ერთი ამბავი ატყდა, ოქიტაშვილმა ბეზრუკოვი დაბლოკაო.

რაც შეეხება შუფუტინსკის, ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული. ორგანიზატორების პრობლემაა, თუკი მისი ჩამოყვანა მოინდომეს. პირადად მე მისი სიმღერები არ მომწონს და არასდროს მოვიწვევდი კონცერტის ჩასატარებლად, მაგრამ მოსწონთ მათ, ვინც დაესწრო და ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რამდენი ადამიანი დაესწრო კონცერტს.

ორგანიზატორების განცხადებით, 3000-მდე ადამიანი…

ჩვენ იმავე დღეს სუხიშვილების კონცერტი გვქონდა და იქაც დაახლოებით ამდენი ადამიანი იყო. ყველას აქვს უფლება, გააკეთოს არჩევანი. მართალი გითხრათ, შუფუტინსკის ბიოგრაფიას ახლოს არ ვიცნობ და არ ვიცი, ნამყოფია თუ არა აფხაზეთში.

თავად თქვა ჟურნალისტებთან, რომ სოხუმშია ნამყოფი.

არ მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო მისი ბათუმში მოწვევა. მართალი გითხრათ, „კულტურის პალატისთვის“ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, შუფუტინსკის ჩამოიყვანენ თუ ალეგროვას. ასეთი პატარა კაცუნებისა და ქალბატონების კონცერტები არ არის აქტუალური. ჩვენ გავაკეთეთ ოლიმპიადის გახსნა და დახურვა და ახლა უნგრეთში მიგვიწვიეს კონსულტანტებად, იქ 2 წლის შემდეგ გაიმართება ახალგაზრდული ოლიმპიადა.

შესაბამისად, აღარ აპირებთ რუსი მომღერლების ჩამოყვანას?

ვგეგმავდი ალა პუგაჩოვას კონცერტს, მაგრამ გადავიფიქრე. მას მაინც შევხვდები, მილანში, 24 აგვისტოს, ვინაიდან ერთობლივ პროექტს ვგეგმავთ, მაგრამ ეს მის საქართველოში ჩამოსვლას არ უკავშირდება.

 

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები