ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და იმ სამართლებრივ ნორმებს განმარტავს, რომელიც მის პატიმრობას თან ახლავს.
დავით ასათიანის განცხადებით, კანონის წინაშე თანასწორობა და თითოეული ადამიანის მიმართ სამართლიანი პროცესისა და ღირსეული მოპყრობის უზრუნველყოფა, დემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული უნდა იყოს. მისი შეფასებით, აღნიშნულში განსაკუთრებული როლი ადვოკატებს აქვთ.
„შესაბამისად, ჩემთვის უმთავრესია, რომ პროცესის არც ერთ ეტაპზე, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატებს არ შეეზღუდოთ პროფესიული საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების უფლება და მათ საადვოკატო საქმიანობა აწარმოონ თავისუფალ გარემოში, როგორც ეს გარანტირებულია კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით,“- წერს სოციალურ ქსელში დავით ასათიანი.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე დაცულია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მის ადვოკატებთან შეხვედრის უფლება და ამასთან, ასოციაციის შუამდგომლობით, პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყო მასთან ამერიკელი ადვოკატის ვიზიტი, გაუგებარია, თუ რა საფუძვლით შეეზღუდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატს კლიენტთან შეხვედრის მიზნით საქართველოში შემოსვლა.
„აღნიშნული ფაქტის თაობაზე მივმართე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და ველი დროულ და სათანადო რეაგირებას. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ბრალდებულის უფლება შეუზღუდავად შეხვდეს მისი ინტერესების დამცველ ნებისმიერ ადვოკატს განუხრელად უნდა იქნას დაცული.
აქვე მინდა, ყურადღება გავამახვილო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატების მიერ გაცხადებულ კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დარღვევის ფაქტებზე. ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა საადვოკატო საქმიანობისა და მართლმსაჯულების განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია,“ – აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.
მისი თქმით, ამ პრინციპის რაიმე ფორმით დარღვევა წარმოადგენს ადვოკატის საქმიანობაში ჩარევას და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო აქტებით დადგენილ სტანდარტებს.
კერძოდ, „ადვოკატთა როლის შესახებ“ გაეროს ძირითადი პრინციპების შესაბამისად, „პატიმრობაში მყოფი პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადვოკატთან კომუნიკაციით, მიყურადების ან ცენზურის გარეშე, კონფიდენციალურობის სრული დაცვით“.
„ამიტომ, მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, რომ სრულად იყოს გარანტირებული ადვოკატსა და კლიენტს შორის შეხვედრის დროს კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა.
ამასთან, პრობლემურია ის ფაქტი, რომ ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ვერ მიიღო მონაწილეობა თავისი საქმის სასამართლო განხილვაში. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ერთ-ერთ ფუნდამენტს წარმოადგენს ბრალდებულის უფლება მონაწილეობდეს საქმის სასამართლო განხილვაში და დაუპირისპირდეს მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს თუ მოწმეებს,“- წერს ასათიანი „ფეისბუქზე“.
ასათიანის შეფასებით, საყურადღებოა, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ნათელი და დასაბუთებულ განმარტება, თუ რა საფუძვლით შეიზღუდა ბრალდებულს საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობის უფლება მაშინ, როდესაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს ბრალდებულის სასამართლო სხდომაში მონაწილეობის სხვადასხვა, მათ შორის ელექტრონული მართლმსაჯულების ფორმების გამოყენება.
„ეს ძალზედ ყურადსაღები ფაქტია, რათა არ შეიქმნას ნეგატიური პრეცედენტი სამართლიანი პროცესის უფლების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის.
აგრეთვე, მიუხედავად ჩემი თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი მიმართვისა, რომ სასამართლოს ნათლად განემარტა მის მიერ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რამდენიმე ადვოკატის სასამართლო სხდომაში მონაწილეობის შეზღუდვის საფუძველი, სასამართლოს განცხადება, რომ დაცვის უფლება უზრუნველყოფილი იყო შეთანხმებით აყვანილი ორი დამცველის მონაწილეობით, არ წარმოადგენს სხვა ადვოკატებისათვის სხდომაში მონაწილეობის შეზღუდვის სათანადო საფუძველს.
განვმარტავ, რომ ბრალდებულს უფლება აქვს ისარგებლოს ადვოკატთა შეუზღუდავი რაოდენობის დახმარებით და საქმეში ჩართულ ყველა ადვოკატს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება შეუფერხებლად განახორციელოს პროფესიული საქმიანობა,“- აღნიშნავს დავით ასათიანი.
მისი განმარტებით, ასევე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ვალდებულებაა პატივი სცენ მოშიმშილე პატიმრის ყველა უფლებას, რაც გარანტირებულია კანონმდებლობით.
როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, თითოეული ადვოკატისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრების უფლებები სრულად იყოს დაცული, ისინი არ დაექვემდებარონ არასათანადო მოპყრობას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყვნენ დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარებით.
„ამასთან, გაუგებარია, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ექსპრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი და პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.
საქმესთან დაკავშირებით მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, მსგავსი ჩანაწერების გავრცელებაზე გადაწყვეტილების მიღება უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე,“- განმარტავს დავით ასათიანი.
მისი შეფასებით, აუცილებელია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აწარმოოს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება, რომლის შედეგებზე ინფორმირების გზით უნდა დაკმაყოფილდეს აღნიშნულ საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესი.
და ბოლოს, მიუხედავად საქმის რეზონანსულობისა, აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილ იქნას ყველა სამართლებრივი პროცედურის განხორციელება ადამიანის უფლებების, კანონის წინაშე თანასწორობისა და სამართლის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვით,“- აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.